მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

5f9c1f8466869
ინგა მურუსიძე
31.10.20 00:01
1265

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მთავარი სიახლე, რომელიც ამ არჩევნებს ახლავს თან ისაა, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პროპორციული მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ბლოკებისთვის კი ბარიერი ბლოკში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და 1%-ის ნამრავლის ტოლია. 

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 50 პარტია და 500-ზე მაჟორიტარობის კანდიდატი.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი გააშუქებს.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიc. ამავე დღეს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

2020-ის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ ის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ეპიდემიის პირობებში მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიაც და ეპიდემიოლოგებიც ირწმუნებიან, რომ საარჩევნო უბნებზე ყველა ზომა მიღებულია, რათა მოქალაქეების ინფიცირების რისკი მინიმალური იყოს.

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიებიც დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.