მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თამბაქოს ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართება

5fc4fb82cdbaa
ინგა მურუსიძე
01.12.20 09:00
945
საქართველოში თამბაქოს ირგვლივ არსებული ვითარების სიტუაციური მიმოხილვის შესახებ ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული ადამიანები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა: თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD); ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა.

ინფორმაციისთვის: თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის ნაწილს ასაჯაროებს. უწყების ცნობით, 2017 წლის „თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასების მიხედვით თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.

ამასთან, საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში (ESPAD) 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019). მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში. თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.