მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა - რა გადაწყვიტა მთავრობამ?

5eaaa9ac9be50
ინგა მურუსიძე
30.04.20 14:30
1178
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.

"სხდომაზე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამოწმებენ. ფუნქციონირება განაახლა უკვე ათობით საწარმომ, რომელმაც წესები დააკმაყოფილა. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად რამდენჯერმე გადამოწმდებიან. იმ საწარმოებში კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, ინსპექტირება დამატებით განხორციელდება", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეს მორიგი სპეციალური რეისი მადრიდიდან შესრულდება. სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 563 მოქალაქე, ხოლო 17 072 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:
1 მაისი - ვენა-თბილისი
2 მაისი - პრაღა-ბათუმი
5 მაისი - ათენი-თბილისი
7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი - ბერლინი-თბილისი

შეგახსენებთ, რომ საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.