მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია იმართება

5df1e4ebcfd87
BM.GE
12.12.19 11:12
2630
დღეს, შპს “ფაზის ოილი” და საკონსულტაციო კომპანია “Deloitte & Touche” სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, პროექტის შესაბამისად, საქართველოში იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).

მისივე ცნობით, ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისათვის იგეგმება.

„შემდგომში ქარხნის მენეჯმენტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს დარგის მსოფლიო გიგანტებთან, როგორიც არის Cepsa და Royal Dutch Schell. საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება.

წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, “ევრო 5”-ისა და ევრო 6” სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს აწარმოებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიდან, ექსპორტიორი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისათვის იგეგმება და სამ წელს გაგრძელდება. მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექპლუატაციაში მიღებისთანავე შეიქმნება 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.

საინვესტიციო პირობის თანახმად, ქარხანაში დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას ევროპის სხვადასხვა ქარხნებში გაივლის. ქარხნის მშენებლობის და ამოქმედების პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. 5 წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოვებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.