მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გადამეტებული იყო - ექსპერტი

5fa0060838d5e
ლიკა გურაბანიძე
02.11.20 18:10
712
“ანალიტიკური კვლევა უნდა დაიწყოს, რა სისუსტეები გამოვლინდა და კრიზისული გეგმა აუცილებლად უნდა დაიდოს, რომელიც შემდგომში სწრაფ რეაგირებას გამოიწვევს და არა - ქაოსს”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ექსპერტმა ავიაციის საკითხებში ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებითვე, პანდემიის პირველი ტალღის დროს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა “გადამეტებული” იყო.

“რეგულარული ფრენების აღდგენა ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისთვის და დამხმარე ავიასაწარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი კრიზისი ავიაციის დარგს არ ახსოვს.

ჩვენ აქამდე იმ ტემპს უნდა ავყოლოდით, რისი საშუალებითაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საავიაციო ბაზარმა გამოცოცხლება დაიწყო. შესაძლოა, მხოლოდ ერთი მიმართულება გავხსნათ, მაგრამ მისი დატვირთვა მხოლოდ 20% იყოს, ამიტომ ავიაკომპანიებს უნდა ვკითხოთ, რომელი მიმართულებაა მათთვის პრიორიტეტული;

როდესაც საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, გლობალური ქაოსი იყო, დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ჩაკეტვა გადამეტებული იყო, რადგან დღეს მედიკოსები ამბობენ, რომ პირბადე გიცავს. ასევე, ახლა ავიაკომპანიებმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიები შემოიღეს, რისი გაკეთებაც თავიდანვე შეიძლებოდა", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ექსპერტმა ავიაციის საკითხებში ისიც განმარტა, რომ კრიზისის დასაძლევად ავიაკომპანიებს ბაზარზე თავისუფლად ოპერირების საშუალება უნდა მიეცეთ.

“იმისთვის, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ, სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს. შესაბამისად, ავიაკომპანიებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეთ და ბაზარი მდგომარეობას თვითონ დაარეგულირებს. ჩვენ მიჩვეულები ვართ მთავრობა რას გაგვიკეთებს, მე პირიქით ვიტყოდი, მთავარია, როგორ იაქტიურებს კერძო სექტორი, რადგან გამოცოცხლება სწორედ ამაზეა დამოკიდებული", - განმარტა ზვიად ჩხარტიშვილმა.