18.სექტემბერი .2020 19:45

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება

views 1479
უკან

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოდის ინიციატივით, გაიხსნას დიალოგი დამატებული ღირებულების გადასახადის გარკვეული პერიოდით შემცირების საკითხზე.

ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად კერძო სექტორს წარმოადგენს, bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიას მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თუ ინიციატივების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი იქნება, თუმცა კითხვაზე - თავად რას გააკეთებდა დღეს რომ ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს წარმოადგენდეს, პასუხობს, რომ დღგ-ის დროებით შემცირების თემაზე დიალოგს დაიწყებდა.

„ერთი ინციატივა, რომელიც შეიძლებოდა განხილულიყო ან დიალოგი დაწყებულიყო, არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და სავალუტო ფონდი თუ დაგვთანხმდებოდა იმაზე, რომ შემდეგი 7 ან 8 წლის მანძილზე გვქონოდა განსხვავებული დღგ-ის გადასახადი ადგილობრივ წარმოებაზე იმპორტირებულთან მიმართებაში. მაგალითად ასე: 18%-დან 10%-ზე რომ ჩამოვიდეს დღგ ადგილობრივ წარმოებაზე, პირველი ოთხი წელი ვინარჩუნებთ 10%-ს და შემდეგი 4 წელი კი ისევ ვუახლოვდებით 18%-ს; რასაც ახლა ვამბობ, ეს არის ინიციატივის დონეზე ნათქვამი, რომ მე ამ თემაზე გავხსნიდი დიალოგს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები მარტივად ვერ მიიღება. თქვენ ქვეყანას ვერ დააზიანებთ, შესაბამისად, უნდა დაასაბუთოთ ეს გადაწყვეტილება ანუ ეს ცვლილება ადგილობრივ წარმოებას რამდენად კონკურენტუნარიანს გახდის ამ პერიოდში და მას შემდეგ, რაც ისევ 18%-იანი დღგ-ის რეჟიმი აღდგება, ადგილობრივი პროდუქცია კვლავ კონკურენტუნარიანი დარჩება თუ - არა“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დღგ-ის განსხვავებული რეჟიმის 4 წლით შემოღების მიზეზებსაც განმარტავს და იქვე დასძენს, რომ დღგ-ის შემცირება კონკრეტულ პერიოდში დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნიდა.

„რატომ ვამბობ დღგ-ის ოთხი წლით შემცირებას ადგილობრივი წარმოებისთვის და შემდეგ ისევ 18%-მდე დაახლოებას - 1-1.5 წელი მაინც არის საჭირო წარმოებების შესაქმნელად, ასაშენებლად და ინვესტირებისთვის. შემდეგ კი საჭიროა, ბაზარზე დამკვიდრება. რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთი ინიციატივების მოძიება, განხილვა, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, საქართველოს პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, მაგრამ ღია ბაზარზე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისთვის აქტიურობას საჭიროდ მიიჩნევს.

„თუ ღია ბაზარზე ვახერხებთ გავაძლიეროთ ჩვენი ადგილობრივი წარმოება, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. შეიძლება არსებობდეს კიდევ ინსტრუმეტები, რომელსაც ჩვენი მთავრობა არ იყენებს, მაგრამ დღეს არსებული ინსტრუმენტებიც ქმედითია - ქმედითია როგორც „აწარმოე საქართველოში“, ისე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა