მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით ბიზნესს წელს 0.5 მლრდ ლარზე მეტი დაუბრუნდა - სამინისტრო

6089159b787a3
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 12:21
779
კომპანიებისთვის დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მექანიზმით 2021 წლის დასაწყისში ბიზნესს 0.5 მლრდ ლარზე მეტი დაუბრუნდა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე უპრეცედენტო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული რეფორმის შედეგად, 2021 წელს, გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად, 0.5 მლრდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდათ. პროცესი ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით რისკების შეფასების თანამედროვე სისტემას.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ დღგ-ის ზედმეტობების მარტივად და დროულად დაბრუნებას, COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და შეზღუდვების პირობებში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება.

„აღნიშნული თანხა ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბიზნესს გაუჩნდა წვდომა 0.5 მლრდ-ზე მეტ ფინანსურ რესურსზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულია“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა.

„ავტომატური სისტემის ამუშავებამ ჩვენ, როგორც სამშენებლო სექტორში დასაქმებულ კომპანიას, მნიშვნელოვანი პრივილეგია მოგვცა იმ მხრივ, რომ ჩვენმა კლიენტებმა და უცხოელმა ინვესტორებმა დაბრუნებული გადასახადის ხარჯზე თავისი გადახდისუნარიანობა უზრუნველყვეს და უფრო ლიკვიდურები გახდნენ. შესაბამისად, სამშენებლო დარგში დღეს ცნობილია რომ დღგ-ის გადასახადი უკან დაბრუნებადი გადასახადია და თანდათან მკვიდრდება შეხედულება, რომ შესრულებული სამუშაოს ნაწილი არ წარმოადგენს აქტივის ღირებულებას, არამედ დაბრუნებადი გადასახადია“, - აღნიშნა სამშენებლო კომპანია "ანაგის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლაშვილმა.

კომპანია „ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედებით სახელმწიფო კერძო სექტორის პარტნიორი ხდება.

„ბიზნესისთვის დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების სისტემა ძალიან სასიხარულო ამბავია, რომელსაც ბიზნესი დიდი ხანია, ელოდებოდა, ეს საუკეთესო საშუალებაა ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიის დროს ბიზნესმა დროულად ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღოს მისი კუთვნილი თანხები. სახელმწიფო უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში შედის, თუ კი აქამდე ვადაგადაცილებაზე ერიცხებოდა საურავი, ხოლო ზედმეტობა შეიძლებოდა წლობით ჰქონოდა გადასახადის გადამხდელს ისე, რომ სახელმწიფო არანაირ სარგებელს არ არიცხავდა, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფომ ბიზნესს უთხრა, რომ პარტნიორია და ნებისმიერი მის მიერ გადახდილი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება“, - განმარტა კომპანია ,,ალიანს ჯგუფის“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა აკაკი სონგულიამ.