07.ოქტომბერი .2020 15:45

დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევა

views 7050
უკან

შესავალი

2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი, მასშტაბური ცვლილებები შედის ძალაში. მათ შორის, ცვლილება შეეხება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წესსაც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ.

საკანონმდებლო ცვლილების მიმოხილვა

2021 წლიდან დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისთვის დადგენილი ზღვრის დათვლისას, 100 000 ლარიან ბრუნვაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩაირთვება ექსპორტის ოპერაციებიც, აგრეთვე, ფინანსური და უძრავ ნივთთან დაკავშრებული ოპერაციები, თუ ასეთი ოპერაციები დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობის ნაწილია.

მაგალითი:

კომპანია X დაფუძნდა 2021 წლის იანვარში და დაფუძნებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელა 120 000 ლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი, ხოლო ადგილობრივი მიწოდება არ განუხორციელებია.

დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ახალი რედაქციის თანახმად, კომპანია X ვალდებულია დღგ-ის რეგისტრაციაზე დადგეს, როცა საექპორტო ბრუნვა 100 000 ლარს გადააჭარბებს, დასაბეგრი ოპერაცია კი, აღნიშნულ მაგალითში კომპანიას არ წარმოეშვება, რადგან ექსპორტის ოპერაცია კვლავინდებურად ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ-ისგან და მხოლოდ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისთვის დაწესებული 100 000 ლარიანი ზღვრის დათვლაში იღებს მონაწილეობას.

შედეგად, 2021 წელს კომპანია X გახდება დღგ-ის გადამხდელი, თუმცა არ დაუფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტთან ერთად დღგ-ის რეგისტრაციის მიზნებისთვის 100,000 ლარიან ბრუნვაში გაითვალისწინება ფინანსური ოპერაციებიც თუ ფინანსური ოპერაცია დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს (მაგალითად, ფინანსური ინსტიტუტები).

ბრუნვაში ასევე გაითვალისწინება დღგ-ისგან გათავისუფებული, უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ ასეთი ოპერაციები დასაბეგრი პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. თუმცა დასაზუსტებელია, ამ ნაწილში რა ოპერაციებს მოიაზრებს კანონმდებელი, რომლებიც უძრავ ნივთთანაა დაკავშრებული, ამასთან დღგ-ისგან თავისუფლდება და ფინანსურ ოპერაციას არ წარმოადგენს.

განხილული საკანონმდებლო ნორმის არსებული და ახალი რედაქციების შედარება

კანონის ახლანდელი (2021 წლამდე არსებული) რედაქციით, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მუხლი არის #157, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება (ციტირება):

„მუხლი 157 . სავალდებულო რეგისტრაცია:

1.პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს)... ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს...“
(ამავე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს რა სახის ოპერაციები გაითვალისწინება 100 000 ლარის განსაზღვრისას:)

„8.სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება:

ა) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;
ბ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;
გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“

როგორც ხედავთ, არც ერთი ოპერაცია, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან ან ჩათვლის უფლებით ან ჩათვლის უფლების გარეშე, დღევანდელი რედაქციით არ გაითვალისწინება 100 000 ლარიანი ზღვრის დათვლაში.

კანონის ახალი (2021 წლიდან მოქმედი) რედაქციით, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საკითხი #165 მუხლით რეგულირდება (მუხლების ნუმერაცია სრულიად შეცვლილია) და ის შემდეგნაირად გამოიყურება (ციტირება):

„მუხლი 165. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“

(ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს რა სახის ოპერაციები გაითვალისწინება 100 000 ლარის განსაზღვრისას:)

„7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა. (აქ საუბარია შუამავლის მიერ გაწეული მომსახურებაზე, რაც ასევე მეტ განმარტებას საჭიროებს).“


შეჯამება

2021 წლიდან, დღგ-ის რეგისტრაციის კუთხით, კომპანიებისთვის უფრო მძიმე მოთხოვნები შედის ძალაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელების გარკვეულ კატეგორიას უფრო ადრე დაუდგება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ეტაპი, ვიდრე ახლანდელი რედაქციის მიხედვით დაუდგებოდა.

სავარაუდოდ, ახალი ნორმა ყველაზე მეტად შეეხება ექსპორტზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთა ადგილობრივი მიწოდების მოცულება წელიწადში 100 000 ლარს არ აღემატებოდა, აგრეთვე, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ავტორის შესახებ:გელა ბარშოვი არის სადაგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა