მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმა აქამდე ვერც ერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა - გახარია

5fb61d95236ae
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 11:30
1360
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა, დღეს კი მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს ეს სისტემური რეფორმა სისრულეში მოვა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ეპიდემიის პირველი ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიცაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა.

დაახლოებით 150 000 კომპანიას დღგ-ს დაბრუნება მომენტალურად ავტომატურად შეეძლება, რაც ნიშნავს იმას რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მლრდ ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. განსაკუთრებული ფასი ამ რეფორმას დღევანდელი კრიზისის პერიოდში სწრაფი ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის შენარჩუნების თვალსაზრისით აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს 2018 წელს დაანონსა. ხოლო აღნიშნული მექანიზმი 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა, თუმცა როგორც ირკვევა განსხვავება დღეს და 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებულ მექანიზმებს შორის ისაა, რომ ადრე თუ კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა უწევდათ, დღეს მათ თანხა ავტომატურად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაუბრუნდებათ.