მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიცში 250 000 ლარის ინვესტიციით სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

61c2c73869c08
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 11:14
1164
გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ დიცში 250 000 ლარამდე ინვესტიციით სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.

სოსიაშვილების ოჯახი წლებია სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და ვაშლის, ქლიავის და ატმის ბაღებთან ერთად, კენკრის ბაღებსაც მართავს. 7 ჰა-ზე გაშენებული მეურნეობიდან წლის განმავლობაში მიღებულ სხვადასხვა დასახელების მოსავლის რეალიზებას კი ადგილობრივ ბაზარზე, საკუთარი ძალებით ახდენს. წლიურად ინდმეწარმეებს 15 ტონამდე ატამი, 20-25 ტონა სხვადასხვა სახეობის ვაშლი და 15 000 ლარამდე ღირებულების ჟოლო და მარწყვი მოჰყავთ. BM.GE-სთან ინდმეწარმე ზაზა სოსიაშვილი სამაცივრე მეურნეობის მოწყობის საჭიროებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, 550 კვ.მ-ზე მოწყობილი სამაცივრე მეურნეობა 7 სამაცივრე განყოფილებისგან შედგება, სადაც ფერმერები დღეისთვის საკუთარ მოსავალს ინახავენ.

„ჩვენი მოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე, პროდუქტის სხვადასხვა ადგილზე, დაქირავებულ ობიექტებზე, დასაწყობება გვიწევდა, ეს ჩვენთვის არც ლოგისტიკურად და არც ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი სამაცივრე მეურნეობა აგვემოქმედებინა, სადაც თავს მოვუყრიდით ჩვენს მოსავალს და ჩვენთვის ხელსაყრელ დროს მოვახდენდით მის რეალიზებას“, - ამბობს ინდმეწარმე.

ზაზა სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებდა.

„ფინანსური რესურსის მოძიებისას ჩვენთვის „საქართველოს ბანკის“ შემოთავაზებული, საჭიროებაზე მორგებული პირობა სრულიად მისაღები იყო და სწორედ ამ ფინანსურ ინსტიტუტთან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. ეს დაგვეხმარა, პროექტი ჩვენთვის სასურველ ვადებში განგვეხორციელებინა და მეურნეობის წინაშე მდგარი გამოწვევები გადაგვჭრა. შედეგად ბანკმა 200 000 ლარის ფინანსური რესურსი გამოგვიყო“, - აღნიშნა ფერმერმა.

დღეისთვის სამაცივრე მეურნეობა სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა ფერმერი აღნიშნავს, რომ მისი სრული დატვირთვით ამუშავება მომავალი წლის გაზაფხულიდან იგეგმება.

„ამ ეტაპზე ყველა ბოქსი არ გვაქვს ჩართული, რადგან ზამთარში არსებული კლიმატური პირობები გვიწყობს ხელს და ამასთან გაგრილების სისტემით მხოლოდ 2 განყოფილება გვაქვს აღჭურვილი. გაზაფხულიდან გვინდა სამაცივრე სრულად აღვჭურვოთ სათანადო ტექნიკით, რათა მეურნეობა სრული დატვირთვით ავამუშაოთ“, - ამბობს ზაზა სოსიაშვილი.