18.იანვარი .2021 17:26

დიდი ბრიტანეთი დღეიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს - BBC

დიდი ბრიტანეთი დღეიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს კეტავს - BBC
views 365
უკან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო დღეიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს დაკეტავს. აღნიშნული განკარგულების მიზანი ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული შტამების ქვეყანაში მოხვედრის თავიდან არიდებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყანაში ჩაფრინდება, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან და პორტუგალიიდან მოგზაურთა მიღების აკრძალვა, რისი მიზეზიც, ბრაზილიაში გავრცელებული შესაძლო ახალი შტამია.

ახალი რეგულაციის მიხედვით, სამოგზაურო კორიდორების დაკეტვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მსურველები 10 დღეს კარანტინში გაატარებენ. ამასთან, კარანტინში განთავსებიდან მინიმუმ ხუთი დღის შემდეგ, მათ კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარმოადგინონ.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი წესები ქვეყანაში სულ მცირე 15 თებერვლამდე იმოქმედებს.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად არის გაზრდილი გაერთიანებულ სამეფოში და ბოლო 28 დღეში ახალი კორონავირუსი 87,291 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 1,280 ინფცირებული გარდაიცვალა.