23.თებერვალი .2021 20:26

„დიდი იმედი მაქვს, ელექტრომობილების პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“ - AiGroup-ის გეგმები

„დიდი იმედი მაქვს, ელექტრომობილების პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“ -  AiGroup-ის გეგმები
views 486
უკან

ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფ AiGroup-ს ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმო უნდა აეშენებინა და საინვესტიციო ვალდებულების თანახმად, ქარხანაში თავდაპირველად 300 ადგილობრივი დაესაქმებინა, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის 1000-მდე გაზრდას გეგმავდა. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში კი, არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა გამოეშვათ - ასეთი იყო 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია AiGroup-ის გეგმები, რისთვისაც Aigroup-სა და Changan-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით, ელექტრომობილების წარმოება ჩინურ კომპანიასთან პარტნიორობით მოხდებოდა.

თუმცა შარშან ზაფხულში კომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პანდემიამ მათი საქმიანობა შეაფერხა და საწარმოო ხაზი ჩინეთიდან ტრანსპორტირება შეფერხდა. ამის შემდეგ "აი ჯგუფს" სხვა განცხადება გაუკეთებია, არადა სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, პირველი ქართული ელექტრომობილები ბაზარზე 2020 წელს უნდა გამოჩენილიყო.

2021 წლის დასაწყისში AiGroup-ის საქმიანობის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავად თქვა, რომ კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებები პანდემიის გამო გადაიხედა და პირველი ელექტრომობილის წარმოების დროდ 2022 წელი დასახელდა.

მინისტრის განცხადებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე BM.GE-მ კომპანიას თავისი საქმიანობის შესახებ კითხვებით მიმართა, რომელზეც პასუხები მხოლოდ ახლა მივიღეთ.

როგორც გაირკვა, კომპანიის მენეჯმენტში ცვლილებები მოხდა და კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დღეს უკვე გიორგი ფურელიანია. ის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციას ელექტრომობილების წარმოების 2022 წლამდე გადავადების შესახებ, ადასტურებს და ამბობს, რომ კომპანია მზადაა, სამშენებლო სამუშაობის დაწყებისთვის, თუმცა პანდემია აფერხებთ.

„ტერიტორიაზე პირველადი სამუშაოები ჩატარებულია, რაც გულისხმობს მიწის სამუშაოებს, პროექტირებას და ა.შ. და ახლა მიმდინარეობს შიდა ვინტილაცია-გაგრილების და გარე განათების პროექტირება და ესეც დასკვნით ეტაპზეა. წარმოების ამოქმედებამ 2022 წლამდე გადაიწია და ამაზე თანხმობა სახელმწიფოსგან უკვე მივიღეთ“, - ამბობს ფურელიანი.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ელექტრომობილების ქარხნის სამშენებლო სამუშაობის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენაზეა დამოკიდებული.

„იმედი გვაქვს, რომ მშენებლობის განახლებას და სარემონტო საშუაოების დასრულებას 2022 წელს შევძლებთ. მშენებლობის დასრულებისთვის დიდი დრო არ გვჭირდება, რადგან საწარმოო ხაზი ადგილზე გვაქვს და პროექტირებაც მზადაა. მთავარია, ეპიდმდგომარეობა დასტაბილურდეს და ჩინეთთან მიმოსვლა აღდგეს, რათა ჩვენმა ჩინელმა პარტნიორებმა, რომლებიც მშენებლობის საკითხების ზედამხედველობას სრულად განახორციელებენ, ჩამოსვლა შეძლონ. ამიტომ ყველაფერში ხელს გვიშლის პანდემია“, - ამბობს გიორგი ფურელიანი.

ამასთან, AiGroup-ის ხელმძღვანელი  პროექტის განხოციელების პროცესში სახელმწიფოს ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„მსგავსი ტექნოლოგიური პროექტი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მთავარი ამისთვის ყველა მხრიდან ჩართულობა და მისი განხორციელებისთვის მზაობაა. სახელმწიფო ჩართულია ამ პროექტში და ვალდებულება გვაქვს, რომ დავასაქმოთ 300 ადგილობრივი მოქალაქე“, - აღნიშნავს ის.

გიორგი ფურელიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობას ვერ აზუსტებს და ამბობს, რომ კომპანიამ მის შესასრულებლად დიდი ხაჯები გასწია.

„დღეისთვის საპროექტო სამუშაოები შესრულებული გვაქვს, კომუნიკაციები მიყვანილი გვაქვს, ჩამოსულია საწარმოო ხაზი, რომელიც ძალიან ძვირი დაგვიჯდა და დროთა განმავლობაში იმის საშიშროებაც არის, რომ დაზიანდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება და არ გაჩერდება“, - უთხრა BM.GE-ის ფურელიანმა.

მისივე ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების დაწყების შემდეგ კომპანია შეეცდება, რაც შეიძლება მალე ელექტრომობილების აწყობისთვის საჭირო ნაწილების საქართველოში წარმოება დაიწყოს, რათა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილონ და საექსპორტო ბაზრებზე შესვლა ადვილად შეძლონ.

„პირველ ეტაპზე ელექტრომობილები საქართველოში აეწყობა, შემდეგ იგეგმება დეტალების ადგილზე დამზადება, რისთვისაც ადგილობრივი წარმოება ამოქმედდება. ჩვენი პირველი მიმართულება ადგილობრივი ბაზრის ათვისება, შემდეგ კი რეგიონში ექსპორტზე გასვლაა. ასევე, გეგმაში გვაქვს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც წარმოების პროცესში ადგილობრივი წარმოების დეტალების გამოყენებას გულისხმობს. ექსპორტის მიმართულებით კომპანიის გათვლები პანდემიამ საერთოდ არია“, - ამბობს AiGroup-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა