მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ლოქდაუნი"

5e9c60c6cabee
სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი
20.04.20 10:10
13699
„დიდი ლოქდაუნი“ (The Great Lockdown) – ეს პერიოდი, ალბათ, ასე შევა ისტორიაში. ტერმინი ჩემი მოფიქრებული არ არის, IMF-მა (International Monetary Fund) დაარქვა ასე თავის ანგარიშს და შემდეგ აიტაცა მსოფლიო მედიამ. გასაგებია, რისი თქმა უნდოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს - ეს ალუზიაა დიდ დეპრესიაზე, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისზე. ამ რეცესიებს ბევრი რამ არ აქვთ საერთო, ჩვენი „დიდი ლოქდაუნიც“ არ ჰგავს არცერთ სხვა კრიზისს, თუმცა დიდ დეპრესიასთან მასშტაბი და ყოვლისმომცველობა აერთიანებს.

გასულმა კვირამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრადიციულ, ყოველწლიურ გაზაფხულის შეხვედრებში გაიარა. ცხადია, ყველა კონფერენცია ონლაინ მიმდინარეობდა და ყველას, მთელი მსოფლიოდან, შეეძლო კითხვების დასმა. კითხვა ძალიან ბევრია, სიტუაცია კი - მართლაც ძალიან უჩვეულო. საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) მის პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი აქ არიან, ჩვენ გვერდით და ყველას დაეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება, რათა ეს უმძიმესი რეცესია ერთად დავძლიოთ. ეს მნიშვნელოვანი ამბავია და განასხვავებს ჩვენს დროს დიდი დეპრესიის პერიოდისგან, როცა არც სსფ იყო და არც - მსოფლიო ბანკი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარმოადგინა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მისეული პროგნოზი, პროგნოზსაც ვერ დავარქმევდი, რადგან ეს უფრო ხედვაა, ჯერ არავის გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მყარი პროგნოზები ვაკეთოთ, ბევრი რამ ამ კრიზისში გაურკვეველი და ბუნდოვანია. ერთი რამ კი ცხადია, ეს პანდემია და შესაბამისად, მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ყველანი სამი თვის წინ ვვარაუდობდით.

იმ დაშვებით (დაშვებებიცა და ვარაუდებიც IMF-ს ეკუთვნის), რომ ქვეყნების უმრავლესობაში პანდემია და „ლოქდაუნი“ პიკს მეორე კვარტალში მიაღწევს, მერე კი შესუსტდება, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2020 წელს იქნება - 3%, ეს ბევრად მეტია, ვიდრე 2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, როცა ვარდნა მხოლოდ 0.1% იყო. წლის დასაწყისში ნავარაუდებ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით განსხვავება -6.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს, მაშინ IMF 3.3% ზრდას ვარაუდობდა. ეკონომიკური ვარდნა განვითარებულ ეკონომიკებში 6.1% იქნება, განვითარებადში კი - 1%. დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად ხდება, რომ რეცესია განვითარებულ სამყაროსაც ეხება და განვითარებადსაც, 2009 წლის კრიზისის დროს განვითარებად ქვეყნებში 3%-მდე ზრდა მაინც იყო.



საერთო ჯამში, მსოფლიო 9 ტრილიონ დოლარს იზარალებს, ეს უზარმაზარი რიცხვია, უფრო მეტია, ვიდრე იაპონიისა და გერმანიის ეკონომიკები ჯამურად. იაპონია და გერმანია კი, მსოფლიოს მესამე და მეოთხე ეკონომიკებია. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ზემოთ დავუშვით და ეკონომიკის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები ეფექტიანი აღმოჩნდება, მაშინ 2021 წელს გლობალური ზრდა იქნება 5.8%. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ბოლო წლების საშუალოს მნიშვნელოვნად აღემატება, მსოფლიო მაინც ჩამორჩება განვითარების ტრენდს. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა პანდემიის ხანგრძლივობა, ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა, ნავთობის სწრაფად ცვალებადი ფასები, მომხმარებელთა ქცევის შესაძლო ცვლილება (მაგალითად, შესაძლებელია შემცირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და შოპინგ-მოლებში სიარული).

IMF-ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ამბობს, რომ ეს კრიზისი სხვებს არ ჰგავს, ის გამორჩეულია და გამორჩეულ ქმედებებს საჭიროებს. გეორგიევა ასახელებს სამ პრიორიტეტს:

1. დავიცვათ სიცოცხლე - ჯანმრთელი მოსახლეობის გარეშე ეკონომიკა ვერ იქნება ჯანმრთელი;
2. შევუნარჩუნოთ ადამიანებს საარსებო წყარო - ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ფინანსური დახმარების მობილიზება;
3. დავგეგმოთ ეკონომიკური აღდგენა - აქ მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვაც და ქმედებებიც დავიწყოთ ახლავე, ფისკალური და მონეტარული სტიმულები იყოს ადეკვატური და ყველამ ვიმოქმედოთ ერთად, ეს კრიზისი ყველას ეხება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს უნდა შევუნარჩუნოთ პირველ რიგში, სიცოცხლე, შემდეგ - სამსახური და შემდეგ - მომავლის იმედი (save lives, save jobs, save hopes).

ეკონომიკის განვითარების სცენარები შესაძლოა ბევრად უარესი იყოს, ვიდრე ზემოთ არის აღწერილი. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება იყოს 9% 2020 წელს, ვარდნა 2021-შიც შეიძლება გაგრძელდეს. მე მაინც მინდა პოზიტიურად დავამთავრო, როგორც დაამთავრა თავისი გამოსვლა IMF-ის მმართველმა დირექტორმა სიტყვებით, რომელიც სოლომონ ბრძენს მიეწერება, ქალბატონმა გეორგიევამ კი, რატომღაც აბრაამ ლინკოლნს მიაწერა: ესეც გაივლის!