მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი ხანია, ქართულ მაწონს მივირთმევთ“ - რომელ ქართულ პროდუქტებზეა მოთხოვნა იაპონიაში?

639d79b538631
მარიამ დემეტრაშვილი
18.12.22 16:50
2148
საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას შეფასებით, საქართველომ და იაპონიამ სავაჭრო კავშირები უნდა გააღრმავონ. მისი თქმით, ხარისხის გაუმჯობესებით, საქართველოს იაპონიაში მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი შეუძლია.

„იაპონიის საკვები პროდუქტების თვითკმარობის დონე 38%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, ქვეყანაში საჭირო საკვების მხოლოდ 38%-მდე ვაწარმოოთ - ეს ძალიან მცირეა. 60%-ზე მეტის იმპორტს ვახორციელებთ, რაც მაღალი მაჩვენებელია; როდესაც საქართველოს ვუყურებ, როგორც პოტენციურად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყანას, ვფიქრობ, მას მისასალმებელი როლი აქვს იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების ფარგლებში. ვფიქრობ, საქართველოს იაპონიაში მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეუძლია, განსაკუთრებით ხარისხის გაზრდის და პროდუქტიულობის შედეგად. რა თქმა უნდა, თქვენ ამაზე მეტი უნდა იმუშაოთ.

ჩვენ ასევე გეხმარებით და ამ კუთხით, საჭირო აღჭურვილობას უზრუნველვყოფთ თქვენთვის. ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც ყველის საწარმოს მაცივრები გადავეცით. ასევე, დაინტერესებული ვართ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით პროდუქტიულობის გაზრდის მიმართულებით. ჩვენ სოფლის მეურნეობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს კოოპერატივების კუთხით, რაც კერძო ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს ზრდის ეფექტიანობას“, - განაცხადა ელჩმა BMG-ის გადაცემაში „Forbes Talks”.

იმამურა აკირამ გადაცემაში ასევე თქვა, რომ საქართველო იაპონელებისთვის ბუნებრივი, ორგანული პროდუქტების წარმოებასთან ასოცირდება, რამაც სხვადასხვა ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა გაზარდა.



„ჩვენ შიდა მოხმარების თაფლის მხოლოდ 7%-ს ვაწარმოებთ. ამიტომაც გვჭირდება 93%-ის სხვა ქვეყნიდან შემოტანა. ძირითადად, ჩინეთიდან, არგენტინიდან და უნგრეთიდან შემოგვაქვს თაფლი, ამიტომაც საქართველოს წილი კვლავ დაბალია. არ ვიცი, ზუსტად როგორ გაჩნდა იაპონიაში ქართულ თაფლზე მოთხოვნა, თუმცა, ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია იაპონელი ხალხის დამოკიდებულებასთან ჯანმრთელობის მიმართ. ვიცით, რომ თაფლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უამრავი სასარგებლო ინგრედიენტისგან შედგება, ამიტომაც იაპონელი მომხმარებელი ყოველთვის ეძებს ისეთ თაფლს, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია საქართველოს იმიჯთან იაპონიაში, რაც თავის მხრივ, უკავშირდება ბუნებრივ ორგანულ პროდუქტებს. ჩვენ დიდი ხანია უკვე მივირთმევთ ქართულ მაწონს. მე პირადად მანამდეც მივირთმევდი, ვიდრე ელჩი გავხდებოდი საქართველოში. მახსოვს, მაწონს გარედან საქართველოს დროშა ეხატა“, - თქვა საქართველოში იაპონიის ელჩმა.

იმამურა აკირა ამბობს, რომ იაპონიაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინო. მისი თქმით, იაპონიაში ქართული ღვინის მაღალ ფასად რეალიზაციას საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდამ შეუწყო ხელი.

„მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინის სახელი იაპონიაში იზრდება. მაღალი ფასი სავარაუდოდ, მომხმარებლის მიერ ქართული ღვინის აღიარების და დაფასების ერთგვარი ანარეკლია. ამას ემატება სხვა სფეროებიც, რომელიც ღვინოს საერთოდ არ უკავშირდება. მაგალითად, ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს, რომელიც ძალიან პოპულარულია. სავარაუდოდ, ის ყველაზე ცნობილი ქართველია იაპონიაში. ან კიდევ ქართული კერძი - შქმერული, რომელიც იაპონიაში ძალიან პოპულარულია, შეგიძლიათ მისი ყიდვა მზა სახით იაპონიის მარკეტებში. ასე რომ, საქართველოს შესახებ ცნობადობა იაპონიაში იზრდება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო უფრო მაღალ ფასად იყიდება, თუმცა როგორც თაფლის შემთხვევაში, ქართული ღვინის იმპორტიც იაპონიაში საკმაოდ მცირეა, თუ სხვა ქვეყნების ღვინის მოცულობას შევადარებთ. ამიტომაც ვფიქრობ, ბრენდინგ სტრატეგია უნდა გავაძლიეროთ. ჩემი რჩევა იქნება, ისევ იაპონელი ხალხის მხრიდან ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინება და ამ მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა ქვევრის ღვინის ორგანულობას. ვიცით, რომ ქვევრის ღვინო უნიკალურია საქართველოში, არავინ აწარმოებს მას საქართველოს გარდა და მისი წარმოება ორგანულ პროცესთან არის დაკავშირებული უკვე 8000-ზე მეტი წელია“, - თქვა ელჩმა.