მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიეგო კოლასი: მარტივი არ არის ადგილის პოვნა საფრანგეთის ღვინის ბაზარზე

5ed53527eaa59
თამთა ჯიჯავაძე
01.06.20 23:10
1096
მარტივი არ არის ადგილის პოვნა საფრანგეთის ღვინის ბაზარზე, – ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ქართული პროდუქციის პოტენციალის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ელჩის თქმით, საფრანგეთის ღვინის ბაზარი უკვე საკმაოდ ათვისებულია კარგი ფრანგული პროდუქციით, რასაც ემატება იტალიური ღვინოც, რის გამოც იოლი არ არის ადგილის დაკავება ამ ბაზარზე.

„თუმცა, ქართულ პროდუქციას შეუძლია მომხმარებლის პოვნა. ამისთვის საჭიროა მუშაობა რომ იპოვო სწორი ადგილი, შეარჩიო სწორი ფასი და არგუმენტები“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ამას გარდა, დიპლომატის თქმით, საკვები პროდუქტები ის მიმართულებაა, სადაც ხარისხი ძალიან ბევრს ნიშნავს. ევროპელი მომხმარებელი ძალიან მომთხოვნია საკვები პროდუქტის ხარისხთან და უსაფრთხოებასთან მიმართებით.

„ეს სწორი ბაზრის და სწორი ფასის შერჩევის საკითხიცაა. ასე რომ მნიშნელოვანია ბაზრის კვლევა და ბაზრის სტრატეგია. გარკვეული კუთხით, საფრანგეთის ბაზარზე ბევრი ქართული აქტორების ყოფნა სიახლეა. ისინი სწავლობენ ადგილს, თუ სად სურთ განვითარება და ეს მისასალმებელია. ძალიან ბევრი პოტენციალია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული DCFTA-ის წყალობით, ერთი საკითხია შეთანხმებით გათვალისწინებული დაბალი გადასახადები და ღიაობის პრინციპი, თუმცა, ასევე მეორე საკითხია დააკმაყოფილო ის სტანდარტები, იპოვო შენი ნიშა, იპოვო შენი სწორი მომხმარებელი“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან საფრანგეთში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების (ასევე ძმარის) ექსპორტის საერთო ღირებულებამ 2,165.4 ათასი დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 947.5 ათასი დოლარი, ხოლო 2018 წელს 5,885.0 ათასი აშშ დოლარი.