მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მცველია

5f6e1abe41a84
თელარა გელანტია
28.09.20 15:45
1222
„ერონული ვალუტის კურსი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მცველია“, - ასე პასუხობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი bm.ge-ისთან ინტერვიუში კითხვას - არის თუ არა ლარი ეკონომიკის თერმომეტრი.

„ოცნების“ ექს ვიცე-პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრი შეფასებებისგან თავს იკავებს და აქცენტს ლარიზაციის პოლიტიკაზე აკეთებს, რომელიც მისი შეფასებით, სწორია. „ვფიქრობ, ლარიზაცია ძალიან წარმატებული პროექტია. კერძოდ, ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს 200,000 ლარამდე სეხების დოლარში აღება შეეზღუდათ. ამ კატეგორიის მსესხებლებისთვის კურსის მერყეობას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბიზნეს-სესხებს და კერძო სექტორის პრობლემებს, რომელიც ლარის გაუფასურების გამო ექმნებათ, დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ საკითხზე საფიქრალია და გადაწყვეტილებებიც მისაღებია, რადგან ვალუტის რყევები ბიზნესის გეგმებსა და ოპერირებაზე აისახება.

ეკონომიკის ყოფილი პრემიერის აზრით, საჭიროა, ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც ბაზარზე ლარის რესურსს შექმნის და მის გაიაფებას შეუწყობს ხელს. ამ ჭრილში მან, პირველ რიგში, კაპიტალის ბაზრის განვითარება და კერძო საპენსიო და გრძლევადიანი სიცოცხლის სქემები მოიყვანა მაგალითად.

- ლარი ეკონომიკის თერმომეტრი არის?

- არა.

- მაშინ რა არის?

- ერონული ვალუტის კურსი, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მცველია - სწორი ეს არის. ანუ ეროვნული ვალუტა სხვა ვალუტებთან მიმართებაში იცავს თქვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. თუ ლარი არ უფასურდება მაშინ, როცა თქვენს ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება, ამ შემთხვევაში თქვენს ეკონომიკას სრულად მოკლავთ და ადგილობრივი წარმოება არ დაგრჩებათ და ა.შ. ამიტომ ლარი ეკონომიკის ბარომეტრი არანაირად არ არის.

- და მაინც, ლარის კურსზე მინიმუმ სავალუტო ნაკადები ხომ ახდენს გავლენას?.. ვხედავთ რომ დღეს დისბალანსია...

- მოდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - საფიქრალი არის თუ - არა ლარზე, დიახ, საფიქრალია. გადაწყვეტილებები არის მოსაფიქრებელი თუ არა - დიახ, არის მოსაფიქრებელი, ორი მიმართულებაა - პირველი ნაწილია მოსახლეობის მოწყვლადი ფენის დაცვა და ეს პრობლემა, პრაქტიკულად, ჩაკეტილია. რაც შეეხება კორპორატიულ მიმართულებას, როდესაც ბიზნესი უცხოურ ვალუტაში იღებს სესხებს, ამ რისკების დაზღვევის საშუალება არსებობს, თუმცა ეს რისკები ერთნაირად უნდა გაითავისოს საკრედიტო ინსტიტუტმა, რომელმაც გასცა ეს სესხი და კომპანიამ, რომელმაც აიღო ეს სესხი. ძალიან ხშირად ბიზნესმენებისგან მომისმენია საუბრები, რომ როდესაც საკრედიტო ინსტიტუტები სთავაზობენ უცხოურ ვალუტაში სესხს 4.5%-5%-ში, ისინი ანგარიშობენ და ამბობენ, რომ სავალუტო რისკის აღება ურჩევნიათ, ვიდრე ისესხონ ლარში 10%-11%-ში. ლარში სეხების საპროცენტო განაკვეთებზე აუცილებლად სამუშაოა. ფასების ნაწილშიც არის სამუშაო - ძალიან რთული გადაწყვეტილებებია, რომელსაც შემდგომ ინტერვიუში მოგიყვებით, რაზეც თავის დროზე მქონდა ნაფიქრი. დარწმუნებული ვარ, დღეს ამაზე ფიქრობს სებ-ი, მას აქვს ინსტრუმენტები, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რომ ეს მექანიზმები დღეს გამოიყენოს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო შეამციროს ეკონომიკა, კიდევ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რაც ძალიან მძიმე იქნება და კიდევ უფრო შეამცირებს სამუშაო ადგილებს. ამიტომ ინფლაციის ნაწილი არის მნიშვნელოვანი, ინფლაცია საფიქრალია და მასზე პასუხისმგებელია სებ-ი.