31.აგვისტო .2019 11:16

დიმიტრი ქუმსიშვილი "სინერჯი კაპიტალს" ტოვებს

views 2401
უკან

დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორის პოსტს ტოვებს, ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე კომპანიის დამფუძნებელი და მისი თანადირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი წერს. 

დიმიტრი ქუმსიშვილი სააქციო საზოგადოება "სინერჯი კაპიტალში" 2018 წლის ბოლოდან მუშაობდა და მისი თანადირექტორის პოსტს იკავებდა, ის ამავდროულად, კომპანიის საინვესტიციო ოფიცერიც იყო. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, "სინერჯი კაპიტალის" საინვესტიციო პორტფელში დღეს 10 კომპანია შედის, რომლებიც ფარმაციის, კვების მრეწველობისა და ჯანდაცვის მიმართულებით საქმიანობენ. 

"მეგობრებო, დიმა ქუმსიშვილმა, რომელიც სინერჯი კაპიტალის თანადირექტორი იყო და ჩემთან და სინერჯი ჯგუფის პარტნიორებთან ერთად თითქმის ერთი წელი კომპანიის მართვაში და განვითარებაში ყოვედღიურ რეჟიმში მონაწილეობდა, დღეს კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დიმა, როგორც ძალიან დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ჩვენი და ჩვენი იდეების, მიუხედავად იმისა, რომ არც პარტნიორი არ არის სინერჯის და არც ინვესტორი სინერჯი კაპიტალში, ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის ფორმირების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის სამუდამოდ შეუფასებელ ღირებულებად დარჩება.

ჩვენ ვიცით, რომ დიმა კერძო სექტორში აგრძელებს მოღვაწეობას და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს იმ კომპანიებისთვის სადაც და ვისთვისაც იმუშავებს. ასე რომ, მხოლოდ თუ შეგვშურდება მათი თორემ საბოლოოდ ვიცით, რომ ეს გადაადგილება იმ კომპანიისთვის სადაც მუშაობას განაგრძობს დიდი გამართლება იქნება.

დიმა, უდიდესი მადლობა შენ ასეთი თანადგომისთვის, მეგობრობისთვის და შრომის მაგალითისთვის, რომელსაც ყოველ დღე გვაძლევდი,"- წერს კომპანიის დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი. 

სინერჯი კაპიტალი კერძო კაპიტალის ფონდია, რომელიც პოტენციალის მქონე კომპანიებს მათ კაპიტალში შესვლითა და საჭირო ინვესტიციების განხორციელებით, განვითარებაში ეხმარება. კომპანია ერთი წლის წინ დაარსდა, მისი დამფუძნებელი კი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფია." 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა