მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე 520-ე დადგენილებაზე - "უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა"

5fdcb6e18c3bf
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.20 18:20
1040
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის თავის დროზე კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ბევრი რამ “უკეთ განხორციელებულიყო”, თუმცა თავისთავად სწორი იყო 520-ე დადგენილება, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ამა თუ იმ მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები განსაზღვრა.

საქმე ისაა, რომ 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა 520-ე დადგენილება, რომელმაც დააწესა ზედა ზღვრული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის: მაგალითად, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას(რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს) დაუფინანსებდა მინიმუმ 12,000 და მაქსიმუმ 17,000 ლარით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულებების პროტესტი მოჰყვა. მათი ნაწილი მიუთითებდა, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ.

სულ ახლახანს კი ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო 2.6 მლნ ლარის ღირებულების 224 კერდიოვერტერ-დეფიბრილატორს თავად შეისყიდის და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცემს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავის დროზე სახელმწიფომ არასწორი განფასება გააკეთა? ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე “შეცდომას” არ აღიარებს.

bm.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ნებისმნიერი საქმე შედეგით უნდა გავზომოთ; შედეგი კი არის ის, რომ სახელმწიფოს დეფიბრილატორების შეძენა უჯდება ნაკლები, პაციენტს კი ჯიბიდან უფრო ნაკლების დახარჯვა მოუწევს.

“მაგრამ ამას ჰქონდა მეორე მხარე - შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო ყველაფერი, კომუნიკაცია აკლდა ამ საქმეს. ჯანდაცვის სამინისტრო იყო მართალი, მაგრამ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ზოგჯერ ჭარბობს ხოლმე პირადი ინტერესი ან ერთ ან მეორე მხარეს”, -ამბობს ხუნდაძე, მაგრამ არ აკონკრეტებს ვის პირად ინტერესებს გულისხმობს.

ხუნდაძე კომიტეტის “ბრალეულობასაც” ხედავს და აცხადებს, რომ “შესაძლოა კომიტეტის როლიც ნაკლები იყო ამაში, ვიდრე უნდა ყოფილიყო”.

“კეთდებოდა რადიკალური შეფასებები, რომ ჩამოიქცეოდა, დაინგრეოდა ყველაფერი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. კლინიკების საქმიანობა არ გაჩერებულა; შეფერხებები იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, არც ისე, რა სიმძაფრითაც ხდებოდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება”,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.