მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე: მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს პენსიას, ხშირად - ხელფასსაც

5fe30cc31599a
ინგა მურუსიძე
23.12.20 13:24
1443
"მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს პენსიას, სოციალურ შემწეობას და ხშირად - ხელფასსაც", - ამის სესახებ  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერობის კანდიდატს მოუსმინეს. 

„ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70% არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი - ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატისგან იყო პირობა იმისა, რომ ის იქნება პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მან (ეკატერინე ტიკარაძემ) გამოხატა პოლიტიკური ნება, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური ნების თამასა კიდევ უფრო უნდა აიწიოს. მინდა გთხოვოთ, რომ გაგვაცნოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მზაობა, რომ ამ პოლიტიკურ ნებას ჩვენ ერთად დავდებთ და ეს იქნება პირობა იმისა, რომ გავალთ შედეგზე და ქვეყანაში ეს სექტორი იქნება არა უმძიმესი ტვირთი თითოეული მოქალაქისთვის“, - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გახარიას. 

"მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული", - თქვა თავის მხრივ მომავალმა პრემიერმა.