მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიო“ ახალი წლიდან ახალ საწარმოს აამოქმედებს - ინვესტიცია ₾2 მილიონია

61a4ceeeb7faf
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 10:15
874

ალუმინის კარ-ფანჯრის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „დიო“ ახალი წლიდან 2 მლნ ლარის ინვესტიციით ახალ საწარმოს აამოქმედებს.

როგორც BM.GE-სთან „დიოს“ მმართველი პარტნიორი და თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, პროექტის განხორციელება პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმით ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა მისი განხორციელება დროში გადაავადა.

„დიოს“ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზე მუშაობა ჯერ კიდევ კოვიდის დაწყებამდე „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ და სამწუხაროდ, კოვიდის გამო მისი დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა დღეს, ახალი ქარხნის დაკომპლექტებას ვასრულებთ და ახალი წლიდან ალუმინის კარ-ფანჯრების და მინა-პაკეტის წარმოებას სრული მასშტაბით ავამოქმედებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ინვესტიცია რომელიც ჩავდეთ წარმოებაში სრულად ავითვისოთ“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

თბილისში ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ „დიოს“ ალუმინის კარ-ფანჯრების და მინა-პაკეტის წარმოების მოცულობა, დაახლოებით, 20-25%-ით გაიზრდება, ხოლო წარმოებაში დამატებით, 40-მდე ადამიანი დასაქმდება, რის შემდეგაც კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.

თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, რომ დღეისთვის „დიოს“ პროდუქტი სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზადება, თუმცა მმართველი პარტნიორის თქმით, კოვიდ-პანდემიური მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ კომპანია საექსპორტო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.

ცნობისთვის: "დიოს" ისტორია 25 წლის წინ, 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა და დღეისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანა 70-მდე დასახელების - მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ პროდუქტს აწარმოებს.