მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიოს" აღმასრულებელი დირექტორი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

5da4993fedcc4
ანუკა ჯოხაძე
14.10.19 20:40
1678
"მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები ცოტათი გადაჭარბებულია" - ასე აფასებს კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი შრომის კანონმდებლობაში შესატან შესაძლო ცვლილებებს  და ამბობს, რომ ცვლილებები არ არის სათანადოდ დამუშავებული და განხილული. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ისედაც არასტაბილური ეკონომიკის პირობებში, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესს დააზარალებს და ეკონომიკის ზრდას ხელს შეუშლის.

"შრომის გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები ცოტა გადაჭარბებულია, ვინაიდან ვფიქრობ, საქართველო არის განვითარების იმ ეტაპზე, როცა ჩვენ პრაქტიკულად უნდა შევქმნათ, ავაშენოთ. შესაბამისად, ზედმეტი რეგულაციები იქნება შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესის განვითარებისთვის. ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. თუ ავიღებთ ევროპის მაგალითს, იყო ძალიან მკაცრი რეგულაციები და გერმანიამ თავის დროზე მოახერხა ამ რეგულაციების შემსუბუქება და ამან განაპირობა ის, რომ გერმანია არის ლიდერი. ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო მოწყვლადია ასეთი ტიპის მკაცრი რეგულაციების მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სათანადოდ განხილული, არ არის დამუშავებული ისე, როგორც უნდა იყოს", - ამბობს კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი. 

bm.ge-ისთან საუბრისას თამაზ დაუშვილი შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლლილებების იმ ნაწილსაც შეეხო, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ერთიანი 8-საათიანი ლიმიტი წესდება. ის მიიჩნევს, რომ თუ დასაქმებულს აქვს სურვილი ზეგანაკვეთურად იშრომოს და ეს არ არის ისეთი ტიპის სამუშაო, სადაც დაუშვებელია გარკვეულ საათებზე მეტის მუშაობა, გაუგებარია, რატომ უნდა შეიზღუდოს.

შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ზეგანაკვეთურ მუშაობს ერთიან ჭერს უწესებს. პროექტი საქართველოს პარლამენტში აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის და უმაღლესი საბჭოს წევრ ილია ვერძაძის მიერ არის ინიცირებული. დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა აიკრძალება. შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება.