22.სექტემბერი .2022 21:35

დიპლომატებისთვის ბინის მოძებნა ძალიან გვიჭირს, ბაზარზე სერიოზული დეფიციტია - რენტალსის მმართველი პარტნიორი

დიპლომატებისთვის ბინის მოძებნა ძალიან გვიჭირს, ბაზარზე სერიოზული დეფიციტია - რენტალსის მმართველი პარტნიორი
views 607
უკან

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც. კომპანიები არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა გამოიწვიოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, უახლესი ტენდენციები რიცხვებში "თიბისი კაპიტალმა" ახალ პუბლიკაციაში გამოაქვეყნა.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა, აგვისტოს მდგომარეობით წლიურ ჭრილში არსებულ ტენდენციებს ასახავს. როგორც ირკვევა, თბილისში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული, რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, TBC Capital-ის თანახმად, თბილისში მისი ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაძვირებულია იჯარაც, რაც წლიურად 60%-ს შეადგენს.

უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებებში მთავარი წვლილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში შემოსულ მიგრანტებს აქვთ. როგორც თიბისი კაპიტალის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე ამბობს, ქირავნობის გაძვირებაში 2/3 სწორედ მიგრანტების ეფექტზე მოდის, უძრავი ქონების 27%-ით გაძვირებაში კი მესამედი წვლილი ასევე მიგრანტებს მიუძღვის.

იმის გამო, რომ მოთხოვნა გაიზარდა თითქმის ყველა კატეგორიის საცხოვრებელი ფართის ქირავნობაზე, უძრავი ქონების კომპანიებს მაღალი კლასის ფართებს ბაზარზე ფაქტობრივად ვეღარ პოულობენ. როგორც რენტალსის მმართველი პარტნიორი განმარტავს, ქირა თბილისში ფაქტობრივად 100%-ით გაძვირდა, რამაც ჯაჭვურად ყიდვის ფასიც გაზარდა.

„თუ ავიღებთ ისეთ ქონებას, რომელიც ადრე 400-500 დოლარი ღირდა, დღეს ის 700-800 დოლარი ღირს, 80-100%-იანი ზრდა ფიქსირდება, მაგრამ იმ პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე, რომელიც თვეში 3000 დოლარი ღირდა, ის არ გახდა 6000-7000$, თუმცა იქაც 30-40%-იანი სახეცვლილება გვაქვს. ახლა ეს რას იწვევს, ჩვენი კომპანია დიპლომატებთან მუშაობს, მათ აქვთ თავიანთი ბიუჯეტები გამოყოფილი. ახლა პირობითად ინგლისელი და იაპონელი დიპლომატისთვის იმ პარამეტრებში, რა პარამეტრებიც გაწერილი იყო წლის დასაწყისში, ჩვენ ბინის მოძებნა ძალიან გვიჭირს. სერიოზული დეფიციტი გვაქვს იმის გამო, რომ ყველა სეგმენტზე, პრემიუმ, საშუალო და ეკონომ სეგმენტზე გაჩნდა ახალი ტიპის დამქირავებელი, რომელსაც აქამდე სათვალავში არ ვთვლიდით. ესენი არიან ძირითადად რუსები.

ღმერთმა ქნას ეს ომი მალე დასრულდეს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს ხალხი უკან მაშინვე წავა? არა, რადგან ომის დასრულება არ ნიშნავს რეჟიმის სიმკაცრის შესუსტებას რუსეთში. პირველი ტალღა გამოექცა რეჟიმს, ახლა მეორე ტალღა, რომელიც ლარსის საზღვარზე დგას, ეს შესაძლო მობილიზაციას გამოურბის . შესაბამისად არ მგონია, რომ ეს წნეხი ბაზარს მარტივად და მალე მოშორდეს“,- აცხადებს ზურაბ ერისთავი "რენტალსის" მმართველი პარტნიორი.