მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიპლომს არ ვითხოვთ, დამხმარე მზარეულად მუშაობა ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია - სალომე კალანდაძე

63938525468f5
თინათინ ნატმელაძე
10.12.22 00:00
1188
უმი ვეგანური კაფე "უმმი"- ს თანადამფუძნებლის სალომე კალანდაძის თქმით, დამხმარე მზარეულად მუშაობისთვის დიპლომი საჭირო არაა, ამის კეთება ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია.

მისი თქმით, საქართველოში უმი ვეგანური შეფი არ არსებობდა და კადრების გადამზადება თავად მოუწიათ, ახლა კი მათი მთავარი შეფები ევროპის წამყვან უმ ვეგანურ შეფებსაც კი უტოლდებიან.

„საქართველოში უმი ვეგანური კვების კაფე არ არსებობს, ჩვენ პირველები ვართ, ეს მეთოდი ევროპაშიც ახლა იკიდებს ფეხს და პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობაზე - კანზე, თმის ხარისხზე, ძილის რეჟიმის მოწესრიგებასა და დაავადებების მკურნალობასთანაა დაკავშირებული. მთავარი მიზანი იყო, რომ ადამიანებისთვის ის სარგებელი გაგვეზიარებინა, რაც კვების ამ მეთოდმა მოგვიტანა - სამზარეულოში ტაფა და ქვაბი არ გვაქვს, მხოლოდ ბლენდერი. კერძებს არც ვაცხობთ, არც ვწვავთ და არც ვხარშავთ, ოთხი ტექნოლოგია გვაქვს - გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია - ასე იქმნება უმი პიცა, გამომშრალი პური, ყაბაყის სპაგეტი და აშ.

"რაც შეეხება მზარეულების საკითხს, აქ საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, საქართველოში უმი ვეგანი მზარეული არ არსებობდა და ჩვენ შევქმენით. ეს საკმაოდ სპეციფიკური საკითხია, სტანდარტული სამზარეულოსგან განსხვავდება. ჩვენც თავიდან ერთ-ერთი გერმანელი შეფის კურსები გავიარეთ, შემდეგ ჩვენი მზარეულებიც გადავამზადეთ, ტექნიკა ვასწავლეთ და ამჟამად ისეთი შედეგი გვაქვს, რომ ისინი მსოფლიო დონის უმ ვეგან მზარეულებსაც კი უტოლდებიან. დიპლომს არ ვითხოვთ, დამხმარე მზარეულად მუშაობა ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია ,’’ - აცხადებს სალომე კალანდაძე.

მისივე თქმით, "უმმი" ამჟამად 15-მდე ადამიანს ასაქმებს და მალე ახალი ფილიალების გახსნაზეც იფიქრებენ. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებებს ბერლინსა და ამსტერდამში აწარმოებენ, რომ "უმმი" საერთაშორისო პროდუქტად აქციონ, რომ მათი ტექნოლოგიით კერძები სხვა ქვეყნებშიც დამზადდეს.

შეგახსენებთ, რომ ‘’უმმი’’ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს და კაფეს ტერიტორიაზე 30-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. მისი კერძების საფასური კი 15-40 ლარს შორის მერყეობს.