მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ინტერესთა კონფლიქტი

5e676ce023a49
ლევან კოკაია - იურისტი
10.03.20 21:20
2410
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

„მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:

„თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით”.

ამ ნორმის მიზანია, რომ დაიცვას კეთილსინდისიერი კონტრაგენტი ისეთი გარიგებებისგან, სადაც ხელმომწერი პირი არაუფლებამოსილი პირია, რის შედეგადაც კონტრაგენტს გარიგების მხარედ გახდომის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს. მსგავსი შემთხვევა შეიძლება სახეზე იყოს როგორც არაინფორმირებულობის ან/და არაკომპეტენტურობის, ასევე პირდაპირ გამიზნული ნეგატიური ქმედების შედეგად.

არაინფორმირებულობის/არაკომპეტენტურობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი შემთხვევა: თუ კომპანიას რამდენიმე დირექტორი ყავს და წესდებით ან/და დირექტორებთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია გარიგებათა ის სახეობები, რაზედაც ცალკეულ დირექტორს კომპანიის მესამე პირებთან წარდგენისა და კომპანიის სახელით გარიგებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება გააჩნია, დგება ვითარება, რა დროსაც, შესაბამის გარიგებაზე არაუფლებამოსილი დირექტორი ხელს აწერს იმ რწმენით, რომ იგი იყო უფლებამოსილი ხელი მოეწერა კონკრეტულ გარიგებაზე.

ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისთვის გარკვეული ინფორმაცია საშუალებას აძლევს მას, რომ განაცხადოს ამ გარიგების ბათილობის შესახებ. თუ გარიგების დადების დროს, კონტრაგენტისთვის ეს ინფორმაცია ნათელია, მაშინ ლოგიკურია, რომ მან გარიგება არც უნდა დადოს, რის შედეგადაც სამომავლოდ ბათილი გარიგებიდან ზიანს ვერავინ ვერ მიიღებდა. კონტრაგენტისთვის მიყენებულ სხვა სახის ზიანთან გვექნება საქმე, თუ გარიგება აღნიშნული მიზეზით არ დაიდება, რაც შესაძლოა წინასახელშეკრულებო პერიოდში ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას უკავშირდებოდეს. გარიგების დადების შედეგად ზიანი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კეთილსინდისიერმა კონტრაგენტმა ამ გარიგების დადების შემდგომ და არა მისი „დადებისას“ აღმოაჩინა, რომ გარიგების მეორე მხარე იყო არაუფლებამოსილი პირი და შესაბამისად, მხოლოდ ამ დროს შეეძლება მას, რომ გარიგების ბათილობის შესახებ განაცხადოს.

აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ციტირებული ნორმის შინაარსში მკაფიოდ გამოჩნდეს შემთხვევა, როდესაც კონტრაგენტისთვის შემდგომში გახდება ცნობილი, რომ გარიგების მეორე მხარის წარმომადგენელი არაუფლებამოსილი პირია და აღნიშნული საფუძვლით იგი გარიგების ბათილობის თაობაზე განაცხადებს.

მე-4 ნაწილის მეორე წინადადება განსაზღვრავს: „იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით“.

მოცემულ შემთხვევაში, თუკი ერთის მხრივ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია სახეზე, ცალსახაა, რომ ამ პირს, კომპანიის სახელით გარიგების დასადებად შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია, რადგანაც მას ამ უფლებამოსილებას თავად კანონის ტექსტი განუსაზღვრავს. ნორმის მეორე წინადადება პირველი შემთხვევისგან შინაარსობრივად იმით განსხვავდება, რომ ამ სიტუაციაში გარიგების ერთ-ერთი მხარე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ნორმის ამ ნაწილით აღწერილი ასეთი განზრახი მოქმედების ადრესატი მეწარმე სუბიექტის გარდა შეიძლება ასევე ფიზიკური პირიც იყოს და ამიტომ მიმაჩნია უმჯობესად, რომ ამ ნორმამ თავისი დამცავი ფუნქცია ფიზიკურ პირებზეც მიმართოს.

2. ინტერესთა კონფლიქტი

კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად:

„1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

„5. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი).

მუხლის მე-5 ნაწილის სახით არსებობს იმის მცდელობა, რომ მსგავსი კონფლიქტის შედეგად დამდგარი ნეგატიური შედეგების პრევენცია მოხდეს. ამის მიუხედავად, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ კომპანიის მმართველობითი ორგანოების მხრიდან, ციტირებული ნორმის გვერდის ავლით მაინც დადგეს ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ, თუ ამა-თუ იმ კომპანიის პარტნიორი, ამავდროულად ისეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან/და სააქციო საზოგადოების პარტნიორი ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იქნება, რომელიც იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც მომიჯნავე კომპანია ახორციელებს, შედეგად ჩვენ არ მივიღებთ ინტერესთა კონფლიქტის დარღვევას, ვინაიდან, ციტირებული მე-5 ნაწილი კრძალავს სხვა კომპანიაში მხოლოდ პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორად ან დირექტორად ყოფნას. ინტერესთა კონფლიქტის დადგომის პრევენციისთვის კი საკითხის მსგავსი ფორმულირებით რეგულირება საკმარისი არ არის და ამიტომ, უფრო ეფექტური იქნება, თუ ნორმის ჩანაწერი არ შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორით და დირექტორით და იგი მოცული იქნება - ნებისმიერი სახის პარტნიორის, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის სახით, რაც უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებას.