მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრომობილების დასამუხტად მოქალაქეები სადენებს მე-9 სართულიდან ჭიმავენ" - ავტოიმპორტიორი

62449073dec0e
ანუკა ჯოხაძე
30.03.22 23:40
1375

დედაქალაქში ელექტროდამტენები ბოლო წლებში პერიოდულად მონტაჟდება, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის. შესაბამისად, ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ მიუხედავად ელექტრომობილებზე არსებული ნულოვანი აქციზისა, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ელექტრომობილების ჩამოყვანა მომგებიანი არ არის. კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებლის ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, დღეს ელექტრომობილის დატენვა პრობლემური საკითხია.

“მივესალმები, რომ ავტოპარკი უნდა განახლდეს, ასევე მივესალმები იმასაც, რომ ავტომობილი ჰიბრიდული და ელექტრო იყოს, თუმცა ჩვენთან ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისი, რომ ელექტრომობილების ჩამოყვანა მომგებიანი იყოს. თითქოს ამ მიმართულებით კეთდება რაღაც, მაგრამ საკმარისი არ არის. ადამიანს, რომელიც კორპუსში ცხოვრობს, უნდა გამოეყოს დასამუხტი ცალკე ადგილი. ეს რომ არ არის ზოგჯერ მე-9 სართულიდან სადენების გადაჭიმვა ხდება, რათა ელექტრომობილები სახლიდან დატენონ. პრობლემურია ელექტრომობილის დამუხტვა", - აცხადებს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე.

ცნობისთვის, კომპანია E-Space-ში, რომელიც უკვე ექვსი წელია საქართველოში ელექტრომობილების დამტენის მონტაჟს ახორციელებს, აცხადებენ, რომ ახალი მშენებლობებისას ელექტრომობილების დამტენის მონტაჟის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს, რადგან უკვე აშენებულ კორპუსში რთულია დამტენების ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამასთან საინტერესოა, რომ E-Space-ის მომხმარებლების 98%, რომლებიც ელექტრომობილის დამტენის მონტაჟზე სურვილს გამოთქვამენ, კერძო კომპანიები არიან. E-Space-ის ქსელში ამ დრომდე 90-ზე მეტი დამტენია ჩართული. გარდა ამისა, სხვადასხვა კომპანიისთვის 100-მდე დამტენია დამონტაჟებული.