მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოკუმენტები, რომელიც კომპენსაციისთვის არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ

5ea82352319c3
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 16:34
3428
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა არარეგისტრირებული თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად საზოგადოებას დოკუმენტაციის ჩამონათვალი გააცნო, რომელიც პირებმა უნდა წარადგინონ.

„თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლების სამსახურში და ყველა ვხვდებით, რომ ეს არის საკმაოდ რთული კატეგორია თვითდასაქმებულებისა, რომელთა იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, მაგალითისთვის როგორიც არის შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ სამი წლის განმავლობაში და შესაბამისად თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთი ტიპის დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ და ამ დოკუმენტის წარმოდგენა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მოხდეს მათი შემოსავლების იდენტიფიცირება;

ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერები, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი;

ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის დამადასტურებელი ცნობა, ლიცენზია თუ ნებართვა და ასევე საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა და შემოსავალი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის წესი და ვადებიც განმარტა:

„თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარით. კომპენსაციის მოთხოვნის წესი არის შემდეგნაირი: კომპენსაციის მიღების მსურველმა პირმა არაუგვიანეს 1 ივლისისა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა, ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ისე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს. მოთხოვნის წარმოდგენა გვჭირდება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ პირების საბანკო ანგარიშები, ამიტომ მოთხოვნასთან ერთად უნდა წარმოადგინონ საბანკო რეკვიზიტები იმისთვის, რომ მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარმოსადგენი ინფორმაცია არ არის მოცულობითი. უნდა წარმოადგინონ პირის დამაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები, იმისთვის, რომ მოხდეს ამავე ანგარიშზე კომპენსაციის ჩარიცხვა“-განმარტა ხუციშვილმა.