მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იარსებებს თუ არა "კოვიდ პასპორტი" და როდის გაიხსნება ავიამიმოსვლა გერმანიასთან?

5ee7388014404
ინგა მურუსიძე
15.06.20 13:18
2466
სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ არც ერთ ქვეყანას ფაქტობრივად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსაც არ აქვთ გაჟღერებული, თუ როგორ მოხდება მესამე ქვეყნებთან ტურისტული რეგულაციები, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„კოვიდ პასპორტზე ჩვენი მხრიდან ნაკლებად იყო საუბარი. ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები განიხილავდნენ. სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ არც ერთ ქვეყანას ფაქტობრივად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსაც, არ აქვთ გაჟღერებული, თუ როგორ მოხდება მესამე ქვეყნებთან ტურისტული რეგულაციები. პროტოკოლი, თუ როგორ მოხდება საერთაშორისო მოგზაურების მიღება, არის ბოლომდე ორ ქვეყანას შორის შეთანხმების საფუძველი. საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, სადაც ძალიან დაბალია ეპიდმაჩვენებლები და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება, ეს ყველაფერი იქნება საჯარო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ეროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და გერმანიამ საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

„ძალიან წარმატებით გვაქვს მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი გამოხატული ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალიან მაღალია. ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო მოგზაურების მიღება, საქართველო მისი დღევანდელი პოზიციონირებით და უსაფრთხოების ინდექსით, იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი ფრენები და ტურისტული ნაკადების მიმოსვლა. ეს კრიტერიუმები და რეკომენდაციები ჯერ კიდევ ევროკავშირსაც არ აქვს შემუშავებული“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.