აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კომპენსაციის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება ნიუ-იორკის შტატის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. საქმე ეხება, ტრამპის საქველმოქმედო ორგანიზაცია – Trump Foundation-ს, რომელმაც ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული ფინანსები ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო შტაბს გადასცა.
ნიუ–იორკის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, შტაბისთვის ამ თანხის გადაცემა კანონდარღვევად იქნა მიჩნეული და თეთრი სახლის ლიდერს კომპენსაციის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე სარჩელი სასამართლოში 2018 წელს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ბარბარა ანდერვუდმა შეიტანა. სარჩელის შეტანიდან 6 თვეში კი საქველმოქმედო ფონდი Trump Foundation-ი დაიხურა.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც შტატების პრეზიდენტმა დაწერა, ის ნიუ-იორკის შტატის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი გახდა.
"ალბათ, მე ვარ ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ქველმოქმედებაზე 19 მილიონი დახარჯა და სანაცვლოდ არაფერი მიიღო, ახლა კი ნიუ-იორკის შტატში პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი გახდა. არაა გასაკვირი, რომ ყველა ამ შტატს ტოვებს!", - დაპოსტა ტრამპმა.