მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორების ზოგიერთი პროექტი გადავადდება, ზოგი შეჩერდება, ზოგს კი ბიუჯეტი დააფინანსებს - მთავრობა

615aca6986862
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.21 14:45
1534
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ მთავრობამ არაერთი დონორული პროექტი განიხილა და თითოეულ მათგანზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ პროექტების ნაწილის განხორციელება დროში გადავადდება, ზოგი საერთოდ შეჩერდება, ზოგიერთი მათგანის ფინანსირება კი სესხთან ერთად ბიუჯეტიდანაც მოხდება. BMG-იმ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ევროკავშირის 75-მილიონი ევროს სესხი ერთადერთი, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც შეჩერებული და გადავადებულია გაზსაცავის მშენებლობის პროექტია.

პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2022 წელს 3.1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო სესხების აღებას გეგმავს. 

"ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება არ იყო ერთადერთი სესხი, რომელზეც საქართველომ უარი თქვა, სხვა სესხებთან მიმართებაშიც მოხდა პოლიტიკის ცვლილება.

არამხოლოდ გაზსაცავის პროექტი, არამედ სხვა პროექტებთან მიმართებითაც ხდება პოლიტიკის განსაზღვრა. ხდება ის, რომ პროექტი ან დროში გადაიწევს, ან მისი დაფინანსება შეჩერდება, ან ბიუჯეტი შევა თანადაფინანსებაში და ნაწილობრივ სესხთან ერთად დაფინანსება ბიუჯეტიდან,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სწორედ ამგვარი პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 2022 წელს 52%-მდე შემცირებულიყო.

"მშპ-სთან მიმართებით ვალის მოცულობამ გასულ წელს 60%-იან ნიშნულს გადააცილა, რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო კრიტიკული ზღვარი საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის. გადავდგით ნაბიჯები, რომ შეგვემცირებინა და ეკონომიკური აღდგენის პირველივე წელს 7 პროცენტული პუნქტით ვალის შემცირება არის მნიშვნელოვანი შედეგი და შეტყობინება, ინვესტორებისთვის რომ საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზაზეა.

ეს შემცირება განხორციელდა იმის ხარჯზე, რომ საქართველომ თქვა უარი არაერთ სესხზე, რომელიც იყო მოლაპარაკების პროცესში. ეს იყო არამხოლოდ ევროკავშირთან, არამედ სხვა დონორებთან და პროექტებთან მიმართებით. ამ პროექტების ნაწილში ბიუჯეტი შევიდა თანადაფინანსებაში, რამაც საშუალება მოგვცა იმისა, რომ ვალის მოცულობა შეგვემცირებინა 60%-დან 52.7%-მდე,"- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.