მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 7 პროექტისთვის 2.4 მლნ-ის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს

647cdd97e1a40
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.23 22:10
2891
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა.

ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვალისწინებით დონორების მიერ დაწესებულ "ვალდებულების გადსახადს" წარმოადგენს. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა ორჯერ არის შემცირებული.

გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2022 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული 60%-ზე დაბალი ათვისების 7 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.4 მლნ ლარს შეადგენს

ამ 7 პროექტის ჩამონათვალია

1. თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0%, ვალდებულების გადასახადი - 351 ათასი ლარი;
2. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა (WB) და საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (ეროვნული ბანკის კომპონენტი) (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 25 მილიონის დახარჯვა, ათვისება 0.5%, ვალდებულების გადასახადი - 707 ათასი ლარი;
3. თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 15 მილიონის დახარჯვა, ათვისება 2.4%, ვალდებულების გადასახადი - 103 ათასი ლარი;
4. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 1 მილიონის დახარჯვა, ათვისება 11%, ვალდებულების გადასახადი - 4 ათასი ლარი;
5. აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 23 მილიონის დახარჯვა, ათვისება 16%, ვალდებულების გადასახადი - 279 ათასი ლარი;
6. ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) და გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 11 მილიონის დახარჯვა, ათვისება 37%, ვალდებულების გადასახადი - 866 ათასი ლარი;
7. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - ბიუჯეტის კანონით დადგენილი იყო 40 მილიონის დახარჯვა, ათვისება 56%, ვალდებულების გადასახადი - 78 ათასი ლარი.