15.ივნისი .2020 12:49

დღეს გამოქვეყნდება იმ სასტუმროების სია, ვინც ინსპექტირება წარმატებით გაიარა

views 582
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს იმ სასტუმროების სიას გამოაქვეყნებს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარა. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, სია განახლებადი იქნება და ინსპექტირების შესაბამისად ჩასწორდება.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაიხსნა შიდა ტურიზმი, ეს არის პირველი ეტაპი ტურიზმის ამოქმედებისთვის. უკვე დიდი ხანია გამოქვეყნებულია რეგულაციები, რომელიც ტურიზმის სექტორში მოღვაწე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა შეასრულონ, ესენი არიან კვების და განთავსების ობიექტები, ტურისტული ტრანსპორტი, გიდები. განთავსების ობიექტებმა პირველ ეტაპზე უნდა გაიარონ ინსპექტირება, თუ გაივლიან წარმატებით, მათ მიენიჭებათ ოპერირების საშუალება. თუკი განთავსების ობიექტი, როგორც მეწარმე არ რეგისტრირდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ინსპექტირება არ აქვს გავლილი და მიიღებს სტუმრებს, ეს არის კანონდარღვევა. ჩვენი მოგზაურებისთვის მთავარი რეკომენდაცია იქნება, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ვითარება და განთავსდნენ ისეთი სასტუმროებში, სადაც შემოწმება უკვე ჩატარდა და ნებართვა გაცემულია. ჩვენ სიას გავასაჯაროებთ და ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, შემოწმებისას როგორც დიდი, ისე საოჯახო სასტუმროებისთვის რეკომენდაციები ერთია - ოთახების დალაგება, დეზინფექცია, სამზარეულოში განსაკუთრებული ყურადღება და ა.შ.

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მტკიცებით, სასტუმროებმის უმეტესობა, რომელიც დარეგისტრირდა, წარმატებით გაიარა ინსპექტირება, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პირველი შემოწმების დროს შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა.

შეგახსენებთ: დღეიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს.