მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„DRG-ის მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს“ - აზარაშვილი

63c14f21069b6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 16:34
564
ჯანდაცვის მინისტრი DRG სისტემის დანერგვის პროცესს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ახალი მოდელი კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, შეგვიძლია სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და სამართლიანი გადახდის წესის დამკვიდრება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვისთვის მინისტრმა აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვის პროცესში, უწყებისთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდის შემცირება და ე.წ. შენიღბული თანაგადახდების პრაქტიკის შეცვლა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შენიღბული თანაგადახდები, რაც ე.წ. VIP სერვისებს და ექიმებს ეხებოდა, შეცვლილიყო. ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ მოდელის დანერგვის პროცესში. მაგალითად, თუ საყოველთაო ჯანდაცვით, პირობითად ვიხდიდით 500 მილიონს, დამატებით კი ე.წ. VIP სერვისებში, პაციენტები ჯიბიდან იხდიდნენ 200 მილიონს, ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება. აქედან გამომდინარე ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით, რომ ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს და ზედმეტი თანხა, დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსების სისტემა შეცვალა და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ს, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაიყვანა. თუ მანამდე სახელმწიფო კლინიკას ანაზღაურებას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა, 1-ელი ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.