მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG ვერ მოხსნის იმ სისტემურ პრობლემას რაც ჯანდაცვაშია - ზურაბ ჭიაბერაშვილი რეფორმაზე

62de4c4182700
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.22 12:00
648
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში DRG სისტემაზე გადასვლას გეგმავს. ამ ცვლილების გადადგმისკენ სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორი მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ 100-მა კლინიკამ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართა და სამინისტრო კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ გააფრთხილა. კლინიკების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული ტარიფები მათ თვითღირებულებას ვეღარ ფარავს, ამიტომაც საჭიროა, ტარიფების გადახედვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო გეგმავს DRG სისტემის ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების შემოღებას.

ჰოსპიტლების სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, დღეს DRG ვერ შეცვლის მთავარ პრობლემას, რაც სისტემაში არსებობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრობლემის სათავე ერთი გადამხდელის სისტემაშია, რადგანაც ამ დროს სახელმწიფოს ინტერესი, პირველ რიგში, ხარჯების ეკონომიაა და არა საუკეთესო ჯანდაცვის სერვისების შესყიდვა. ამასთანავე, ის პრობლემას ხედავს კლინიკების მიდგომაშიც, რომლებიც მთავარ აქცენტს დაფინანსების გაზრდაზე აკეთებენ და არა მთლიანად სისტემის ოპტიმიზაციასა და რეფორმირებაზე.

“DRG ვერ მოხსნის იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც გვაქვს. დღეს საქართველოში გვაქვს ერთი გადამხდელის პრინციპი, როდესაც ბაზარზე სამედიცინო სექტორს ფულს ალბათ 80%-ით უხდის სახელმწიფო.

სახელმწიფო, როდესაც თან ფულს უხდის და თან ხარისხი უნდა გააკონტროლოს, ასეთ შემთხვევაში მთავრობა, რომელსაც ფული არ ჰყოფნის, ყოველთვის გადახრილია იქითკენ, რომ უფრო ნაკლები ფული გადაიხადოს და ყურადღების მიღმა რჩება ხარისხი.

ჩვენ თუ გვინდა, რომ სახელმწიფომ ყურადღება დაუთმოს ხარისხს და ეს მისი ფუნქციაც არის, მაშინ ფულის დახარჯვა უნდა გადავიდეს სხვის ხელში. სხვა უნდა იყოს ანგარიშსწორებაში.

დღევანდელ სისტემაში არამხოლოდ ის პაციენტები ზარალდებიან, ვინც სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან, რადგანაც ზარალდებიან ჯანდაცვის დაბალი ხარისხით, ზარალდებიან იმ მხრივაც, რომ ჯიბიდან მეტის გადახდა უწევთ. დღევანდელ სისტემაში ოჯახებისთვის კატასტროფული დანახარჯები გაზრდილია, რადგან ადამიანებს ჯიბიდან მეტის დამატება უწევთ.

პრობლემაა დაფინანსების წესი, რომლითაც 2013 წლიდან სადაზღვევოებიდან გადავედით ერთი გადამხდელის პრინციპზე.

სისტემის მხრიდან შეთავაზება არ არის. სამედიცინო სექტორის მხრიდან დღეს ისმის მხოლოდ ეს - დეიდებო, ბიძიებო მეტი ფული მოგვეცით. ესე ჩვენ წინ ვერ წავალთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.