მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა, სამუშაო დროის ზედა ზღვარი მოიხსნას და საათობრივი ანაზღაურების სისტემა შემოვიღოთ - ჰოტელიერი

63c93ae4cc118
ანუკა ჯოხაძე
19.01.23 17:05
4392
"დასაქმებულს უნდა შეეძლოს, მაგალითად, სეზონზე გაორმაგებულად იმუშაოს და მიიღოს მეტი შემოსავალი", - ასე აფასებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი მთავრობის მიერ სპეციფიური დარგების სიიდან სასტუმროების და რესტორნების სექტორის ამოღებას. 

საქმე ის არის, რომ გასული წლის 26 დეკემბერს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, გადაიხედა. ცვლილებით, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებულები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სექტორის სპეციფიკასთან თანხვედრაში არ მოდის, შედეგად, ის რეალურად არ შესრულდება და "მხოლოდ ფურცელზე დაწერილ რეგულაციად დარჩება".

ამასთან, ჰოტელიერის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები ბიზნესთან შეთანხმებით და სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მიიღებოდეს, რაც არ მოხდა.

მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალი საათობრივი ანაზღაურების დაწესებაა, რის შემდეგაც კვირაში სამუშაო საათების ზედა ზღვარი 60-70 საათიც შეიძლება იყოს, 48-ის ნაცვლად.

"მაგალითად, ადამიანი ზამთარში სამი თვით სამუშაოდ მიდის მესტიაში; ასეთ შემთხვევაში, მას ურჩევნია ამ სამი თვის განმავლობაში ჰქონდეს მეტი დატვირთვა, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი, შემდეგ კი დაბრუნდეს სახლში. თუ გვინდა, რომ ჩვენი თავი მოვიტყუოთ - კი, ბატონო, მოვიტყუოთ და ტაბელის ცხრილი ვაწარმოოთ ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ არ გვინდა, რომ რეალობა არ შეესაბამებოდეს კანონმდებლობას, ჩვენ გვსურს, რომ სწორად ვაკეთოთ ყველაფერი.

ჩემი აზრით, მალე მივალთ იმ მიდგომამდე, რომ საათობრივი ანაზღაურება შემოვა და აქ შეგვიძლია დავაწესოთ რაღაც ზღვარი, მაგალითად, 60-70 საათი კვირაში, რაც მისაღები და სწორია. მითუმეტეს ჩვენ არ ვართ დიდი რისკის შემცველი პროფესიები, რითაც შეიძლება სხვა ადამიანები დავაზარალოთ”, - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი.