მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დროებითი მწვანე რეზიდენცია“ – ქეთი ბოჭორიშვილის იდეა უცხოელების მოსაზიდად

5f0c7624d7c39
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.20 22:21
4623
„დროებითი მწვანე რეზიდენცია“ – საერთაშორისო ტურიზმის ალტერნატიული იდეაა. ესაა 3-6 თვიანი ტურისტული პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებას შესთავაზებს. ამის შესახებ პოსტს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აქვეყნებს.

BM.GE-ი ქეთი ბოჭორიშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა საიდან გაჩნდა „დროებითი მწვანე რეზიდენციის“ იდეა.

როგორც იდეის ავტორი ამბობს, საქართველოს მოქალაქეებს აქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, რაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის არ არის ნებადართული.

„გამომდინარე იქიდან რომ მე ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად ვპოსტავ სოციალურ ქსელებში, ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, გაკვირვებას გამოხატავენ, რადგან მათ ქვეყნებში მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა და მათ სახლში უწევთ ყოფნა. ვისაც ცოტა საშუალება აქვს, ეძებს ალტერნატიულ გზებს რომ მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაში უფრო უსაფრთხო გარემოში გადავიდეს. საქართველოს აქვს საშუალება შესთავაზოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი დასვენება ოჯახებით.

თუ შევთავაზებთ ამას როგორც პროდუქტს, სადაც ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ვფიქრობ დაინტერესება რეგიონის ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, ირანი და შესაძლოა, აშშ-დან და ინდოეთიდანაც საკმაოდ დიდი იქნება. ზაფხულში რომ ეს მოგვესწრო, შესაძლოა დუბაიდან, ყატარიდანაც გვყოლოდა სტუმრები“, - განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ მწვანე ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის.

„პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე და დაცული სტანდარტებით, მათ შორის: კარანტინის გავლა, ტესტების აღება, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებული დოკუმენტების წარდგენა (ბინის ქირა ან სასტუმროს გრძელვადიანი ჯავშანი); სავალდებულო დაზღევევის აღება და სხვა რაც არის მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. და ეს ყოველივე უნდა შედიოდეს პაკეტის ღირებულებაში, რაშიც თავად ტურისტები გადაიხდიან თანხას.

შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, ორგანიზება ტურისტულმა კომპანიებმა გააკეთონ, ნაწილი სასტუმროების ისევ გადაკეთდეს კარანტინის ზონებად და მიიღონ შემოსავლები, ნაწილმა კი იმუშაოს სტუმრების შემდგომ მიღებაზე“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივად ჩამოსული ტურისტი აქ არა მხოლოდ საცხოვრებლის ქირაში და ტურისტული ადგილების მონახულებაში დახარჯავს ფულს, არამედ სხვა აქტივობებშიც, რაც ქვეყნის ეკონომიკას გააქტიურებს.

"თუ ჩვენ 10 000 კაცს მივიღებთ, ეს იქნება შედარებით საშუალოზე მაღალი ხარჯვის ვიზიტორები, რომლებიც თვეში გარკვეულ თანხებს ხარჯავენ. ამით, ჩვენ გავზრდით შემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობას. ეს დამატებით აამუშავებს რესტრონებს, სალონებს, გაზრდის ვაჭრობას და სხვადასხვა სერვისზე მოთხოვნას. თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც დამატებითი შემოსავლებია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას შესაძლოა გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე ტურიზმს, შესაძლოა აქ სკოლებშიც შეიყვანონ ბავშვები, გამოიყენონ ადგილობრივი ონლაინ კურსები და ა.შ.

შემდგომ ეტაპზე, შესაძლოა, ზოგმა გადაწყვიტოს რომ საქართველოში მუშაობა შეუძლია, უფრო გრძელვადიანი გეგმები გაუჩნდეთ, უბრალოდ მოეწონოთ ჩვენი ქვეყანა და შეიძინონ ბინები, გახსნან ანგარიშები და გაიზარდოს ტრანზაქციები, შეიძინონ ქართველი დიზაინერების სამოსი და ა.შ. ამას შესაძლოა უფრო დიდი პერსპექტივა ჰქონდეს, თუ თავს კარგად გავართმევთ ყველაფერს“, - აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.

ის ამბობს, რომ ამ იდეის აქტუალობის და ეფექტურობის დადგენა მცირე რაოდენობაზე პაკეტების შექმნიდან შეიძლება დაიწყოს და მთავარია არსებობდეს გარკვეული სისტემა და პროტოკოლი, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს ვირუსის გავრცელების რისკებს.

„პირველ რიგში ეს იდეა სახელმწიფოსთვის უნდა იყოს მისაღები და შემდეგ უნდა მოხდეს პროტოკოლების შეთანხმება კერძო სექტორთან და დამტკიცება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი და თავად შექმნან ეს პაკეტები, რაშიც მთავარი რისკების შეფასება, პროტოკოლის შემუშავება და დადგენაა“, - უთხრა BM.GE-ის ქეთი ბოჭორიშვილმა.

იდეის ავტორი იმედოვნებს, რომ დუბაი და მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას შეძლებენ, მსოფლიოს მსგავს პაკეტებს სულ მალე შესთავაზებენ.