მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონების თურქული მწარმოებელი Baykar-ი უკრაინაში საწარმოს გახსნის

631e0872ebab1
BM.GE
11.09.22 22:16
854
უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა სახის შეიარაღების თურქული მწარმოებელი, Baykar-ი უკრაინაში საწარმოს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა გაავრცელა.

თურქულ მედია-სააგენტოსთან ინტერვიუში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ ორმხრივი შეთანხმება Baykar-ის საწარმოს გახსნის შესახებ ერთი კვირის წინ დაამტკიცა და რატიფიცირებისათვის პარლამენტს გადაუგზავნა. მისი განმარტებით, უკრაინაში Baykar-ის საწარმოს გახსნა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდეც იგეგმებოდა.

გარდა ამისა, თურქეთში უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ Baykar-ი რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადებით, Baykar-თან თანამშრომლობის სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა. მოგვიანებით, თურქულმა სამხედრო კონტრაქტორმა განმარტა, რომ რუსეთში Baykar-ის საწარმოს გახსნა არ იგეგმებოდა.

ცნობისათვის, თურქული სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის მოდელის, Bayraktar Akinci-ს ძრავი აქამდეც უკრაინაში იწარმოებოდა.

თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, Baykar-მა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისი უკვე დაარეგისტრირა, შეიმუშავა საწარმოო გეგმა და შეიძინა საწარმოს ასაშენებელი ადგილიც. ელჩის განმარტებით, ეს ნაბიჯი პოლიტიკურთან ერთად, პრაქტიკულიცაა, რადგან Baykar-ის პროდუქციისათვის გარკვეული ნაწილები უკრაინაში აქამდეც იწარმოებოდა.



შეგახსენებთ, რომ Baykar-ი ყველასათვის ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TB2-ის მწარმოებელი თურქული კომპანიაა.