მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Duande - ესპანური ოჯახის ქართული ტურისტული ბიზნესი ლაგოდეხის ეროვნულ პარკთან

603911018828c
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.21 00:04
3214
საკურორტო სასტუმრო Duande კახეთში, უფრო კონკრეტულად კი ლაგოდეხის ნაკრძალთან მდებარეობს. 6 კოტეჯისგან და ერთი სარესტორნე სივრცისგან შემდგარი ტურისტული ადგილი 3 წელია რაც ოპერირებს და სათავგადასავლო ტურიზმისა თუ მყუდრო დასვენების მოყვარულებს კომფორტულ და როგორც თავად დამფუძნებლები ამბობენ, „ჯადოსნურ“ დასვენებას სთავაზობს.

BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს დამფუძნებლები ნიკოლ ბარტონი და ალეხანდრო პალომარი იხსენებენ, რომ ესპანეთიდან, კერძოდ კანარის კუნძულებიდან საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდნენ, თუმცა მანამდე იყო ვიზიტი ლაგოდეხის ეროვნულ პარკში.

„2013 წელს ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ვსტუმრობდით და ეს ადგილი შეგვიყვარდა. როდესაც რეგიონში გასაყიდ მიწის ნაკვეთს წავაწყდით, ვიფიქრეთ - რატომაც არა. მიწა ლაგოდეხის ეროვნულ პარკსა და მდინარე ნინოსხევს ესაზღვრება. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ აქ სასტუმროს ავაშენებდით. უბრალოდ მიგვაჩნდა, რომ ეს განსაკუთრებული ადგილი იყო და გვინდოდა, რომ ის საქართველოში ჩვენი ისტორიის ნაწილი ყოფილიყო.



ამის შემდეგ საქართველოში 2014 წელს ჩამოვედით და სასტუმროს ისტორიაც აქედან იწყება. თავდაპირველად გვინდოდა ჩვენი შვილებისთვის მოგვეწყო ადგილი, სადაც ისინი ბუნების წიაღში, ჯადოსნურ ადგილას თავისუფლად თამაშს შეძლებდნენ“, - იხსენებს ნიკოლ ბარტონი.

წყვილმა პროექტზე მუშაობა დაიწყო და სულ მალე კოტეჯები დააპროექტა. ინვესტიციის მოცულობაზე საუბრისგან თავს იკავებენ, მაგრამ ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება მათ ახლომდებარე სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით და დახმარებით შეძლეს.

„გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა პროექტი, რომელიც უნიკალური გამოცდილებით, ინდივიდუალური მომსახურებით, ბუნების წიაღში სტუმარს ყოველდღიური ცხოვრებისგან მოწყვეტისა და განტვირთვის საშუალებას მისცემდა. პროექტი ძირითადად იმ სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით განხორციელდა, რომელთანაც Duande მდებარეობს. სასტუმროში „ფრილანსერები“ და სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები მუშაობენ. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით ვვითარდებოდით“, - აღნიშნავს ალეხანდრო პალომარი.



მისივე თქმით, Duande-ს მიზანი ყოველთვის ერთი თვის სახელფასო თანხით სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის უზრუნველყოფა იყო. შესაბამისად, უცხოელმა წყვილმა 80 ოჯახის ხელშეწყობა შეძლო.



პირველი 2 წელი ლაგოდეხის ეროვნულ პარკში მდებარე სასტუმროს მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან დიდი იყო, თუმცა პანდემიამ Duande ადგილობრივ ტურისტებზე დამოკიდებული გახადა.

„კოვიდ-პანდემიის პირობებში ჩვენთვის დიდ მხარდაჭერას ადგილობრივი დამსვენებელი წარმოადგენდა. მათი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ პროექტი მომავალშიც შეძლებს განვითარებას და დამსვენებლების მიღებას“, - უთხრა BM.GE-ის ნიკოლ ბარტონმა.

მისივე ინფორმაციით, 6 500 მ2-ზე სუბტროპიკულ ტყეში განთავსებული სასტუმრო Duande 6 ხის კოტეჯში დამსვენებლების მიღებას 5 მარტიდან განაახლებს. თითოეულ კოტეჯს პირადი ცხელი ჯაკუზი აქვს. ტერიტორიაზე მოქმედებს სასტუმროს მიმღები და რესტორანი. 1 დღით 2 ადგილიან კოტეჯში განთავსების ღირებულება კი 490 ლარია.





ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ესპანელი მფლობელი სასტუმრო Duande-ს ყიდის - ფასი $0.5 მილიონია.