მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დუბაელებიც ისევე გავყარეთ, როგორც სხვა ქვეყნის ვიზიტორები" – საემიროებიდან კლება 15.3%-ია

5e1d699c577b5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.20 11:09
2141
სასტუმროების მენეჯერ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, პუტინის ავიასანქციები შავი ზღვისპირეთს დაეტყო, მაგრამ ფაქტია, ქვეყანამ ავიაემბარგოს გაუძლო.

მისივე თქმით, ავიაემბარგოს გარდა, 2019 წელს იყო სხვა პრობლემებიც, რის გამოც ძალიან ბევრი შემოსავლიანი ტურისტი დაკარგა სახელმწიფომ და კერძო სექტორმაც.

„გასული წლის განმავლობაში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში სტუმრები ჩამოდიოდნენ და საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ. მაგალითად, ვგულისხმობ დუბაის ბაზარს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩვენთვის ტრენდული იყო, მაგრამ ახლა მათთვის ჩვენი მიმართულება სრულიად მიუღებელი გახდა. ჩვენ დუბაელებიც ისევე გავყარეთ, როგორც - სხვა ქვეყნის წამომადგენლები. ეს არის ფაქტი და ეტყობა რიცხვებსაც”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

Bm.ge-მ ჰოტელიერის შეფასება გადაამოწმა და სტატისტიკაც აჩვენებს, რომ 2019 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების რიცხვი წლიურად 15.3%-ითაა შემცირებული.

„დუბაი არის ადგილი, სადაც ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და ნებისმიერი უარყოფითი რაღაც, რაც საქართველოში ხდება, იგივე საზღვარზე არშემოშვების ფაქტები და ა.შ. გავრცელდა იქაც. ჩვენ ეს ერთ-ერთი წარმატებული ბაზარი, საიდანაც მაღალშემოსავლიანი ვიზიტორები საქართველოში 2-3 დღით ჩამოდიოდნენ, დავკარგეთ. ასევე 2017 წლის მერე ირანელ ვიზიტორებს დავუწყეთ „ბრძოლა“ და გაყრა. შესაბამისად, რა გვინდა ვერ მივხვდი“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ირანის შემთხვევაშიც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტები განახევრდა. კერძოდ, 2018 წელთან (291 070 ვიზიტი) შედარებით გასულ წელს ირანიდან ვიზიტების რაოდენობა 51,2%-ით შემცირდა.

Bm.ge-ისთვის დაზუსტებით ცნობილი არაა, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ისე ირანიდან ვიზიტორების ვიზიტების კლების მიზეზი საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემებია თუ - არა და როგორია გაბრუნების სტატისტიკა, რადგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018-2019 წლებში გასცემდა დეტალურ საჯარო ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში, ვახტანგ გომელაურის უწყებამ აღნიშნული სტატისტიკა დახურა და მხოლოდ ჯამური რიცხვი მოგვაწოდეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 24,281 მოქალაქეს ეთქვა, რაც 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.

ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი თვლის, რომ „ევროპის და დასავლეთის ბაზრების მიმართულებით მუშაობა, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, ხოლო აღმოსავლეთის ბაზარი მარტივად ასათვისებელია“.
„ევროპა ჩვენც გვინდა, ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით; ასევე, ამერიკის და კანადის ბაზრების მიმართულებითაც; ვგეგმავთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტები ჩამოვიყვანოთ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ აქ დროში გაწელვის თემაა. აღმოსავლეთის ბაზრები კი, უფრო მარტივად ათვისებადია, რადგან ისინი უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.