მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დუისის იდეათეკამ სოფლის ბიბლიოთეკის როლიც შეითავსა“ - ლალი სვიაკაური, სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი (R)

61af125518494
BM.GE
07.12.21 13:10
867
უკვე ორი წელია, "საქართველოს ბანკი" რეგიონის სკოლებში განათლების ხელშეწყობის მიზნით „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს. ინიციატივა სკოლებში საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების მოწყობას გულისხმობს. მორიგი მსგავსი სივრცე პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში გაიხსნა. სკოლის დირექტორის, ლალი სვიაკაურის თქმით, პანკისის ხეობაში მსგავსი სივრცის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. დუისში, სადაც იდეათეკამ სოფლის ბიბლიოთეკის როლიც შეითავსა, სივრცე არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების საყვარელ ადგილადაც იქცა.

სკოლის დირექტორი გვიყვება, რომ ძალიან მოკლე დროში, იდეათეკამ დუისის სკოლაში ბევრი დადებითი ცვლილება შემოიტანა. ხშირად მოსწავლეები გაკვეთილების დაწყებამდე მოდიან, რომ დრო იდეათეკაში გაატარონ.

„სულ რამდენიმე თვეა რაც ჩვენს სკოლაში იდეათეკამ დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა მარტივია იმის შემჩნევა, რომ სივრცემ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ შემეცნებით რესურსს, რაც მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებისთვისაა საჭირო, დაწყებული მრავალფეროვანი ლიტერატურით, დამთავრებული თანამედროვე ტექნოლოგიებით. შესვენებებზე და გაკვეთილების დაწყებამდე, მოსწავლეები აქტიურად სტუმრობენ იდეათეკას“, - დასძენს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, იდეათეკამ საგაკვეთილო პროცესიც უფრო სახალისო და საინტერესო გახადა. მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, განსხვავებული ფორმატით ჩაატარონ გაკვეთილები, რაც მოსწავლეების ჩართულობაზეც დადებითად აისახა. ამასთან, იდეათეკამ კლასგარეშე აქტივობებში მოსწავლეების მეტი შემართებით ჩართვის მოტივაცია გააჩინა.

„იდეათეკა მუდმივად დატვირთულია - ვმასპინძლობთ ფილმის ჩვენებებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. ახლახან ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღვნიშნეთ. სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩავატაროთ ხვადასხვა ტიპის შეხვედრები. ამჟამად ბიბლიოთეკარების გადასამზადებელი ტრენინგები ხორციელდება“, - გვიზიარებს ლალი.

აღსანიშნავია, რომ იდეათეკა არა მხოლოდ დუისის საჯარო სკოლის, არამედ მთელი პანკისის ხეობის მასშტაბით მასპინძლობს ღონისძიებებს. როგორ სკოლის დირექტორი გვიყვება, ახლახან იდეათეკამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ ტრენინგს უმასპინძლა, სადაც პანკისის ხეობის მასშტაბით 7 სკოლა იყო წარმოდგენილი. ევროკავშირის ელჩის ვიზიტიც სწორედ იდეათეკის სივრცეში გაიმართა.

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავ ამდენ მოსწავლეს აქტიურად გააქვს წიგნები იდეათეკიდან. სოფელში არ გვქონდა ბიბლიოთეკა, შესაბამისად იდეათეკის გახსნამდე მოსწავლეებისთვის მხოლოდ მათივე ოჯახებში არსებული წიგნები იყო ხელმისაწვდომი“, - გვიზიარებს სკოლის დირექტორი. „იდეათეკა არის ადგილი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა კომფორტულ და ფერად გარემოში ერთად გაატარონ დრო, წაიკითხონ თანამედროვე გამოცემები, იმსჯელონ და იფიქრონ. აქ ყოფნისას შეუძლებელია არ დაგებადოს ახალი იდეები. დარწმუნებული ვარ, დროსთან ერთად კიდევ უფრო მკვეთრად აისახება იდეათეკის დადებითი გავლენა მთელს სოფელზე“ , - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკმა" პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წელს დაიწყო. უკვე 4000-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 8 საჯარო სკოლაში გაიხსნა. სულ მალე ამ ჩამონათვალს ახალქალაქის მე-3 სკოლა შეემატება.