მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა...თუმცა, დაწესებული შეზღუდვები გაყიდვებს შეამცირებს“ – Retail Group Georgia

6118e93f34a09
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 21:00
926
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  14 აგვისტოდან რეგულაციები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ გამკაცრდა და 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა, რაც ბევრი ბიზნესის ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. ერთ-ერთი ასეთი საცალო გაყიდვების სექტორია. 

რა დატვრითვით მუშაობს დღეს საცალო გაყიდვების ბაზარი და როგორია მოლოდინები - ამ კითხვებით BM.GE-იმ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორს რევაზ მაღალაშვილს მიმართა.

მისი თქმით, დღეისთვის პროგნოზების გაკეთება რთულია და ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„აქამდე გაყიდვები 2019 წელთან შედარებით დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. ფაქტობრივად მივუახლოვდით კოვიდამდე არსებულ მაჩვენებლებს. ივლის-აგვისტოში ძალიან კარგი გაყიდვები გვქონდა. როგორ იმოქმედებს შეზღუდვები მომხმარებელზე? ბუნებრივია, აქტივობა შემცირდება, თუმცა რამდენით ამას დრო გვაჩვენებს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეგვეძლება იმაზე საუბარი, რა გავლენა მოახდინა შეზღუდვებმა გაყიდვებზე.

რთულად პროგნოზირებადია ისიც, როგორი იქნება ახალი სეზონი, რადგან შეზღუდვების პირობებში შემოსავლებიც შეზღუდულია და შესაბამისად, ნაკადებიც მცირეა, მეორე მხრივ თუ კოვიდ-ვითარება გართულდა მდგომარეობას ესეც დაარტყამს, ამიტომ საბოლოო ჯამში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება პირდაპირ და ირიბად ეკონომიკური ვითარების განმსაზღვრელი იქნება“, - განმარტავს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას რევაზ მაღალაშვილი აღნიშნავს, რომ დღემდე ისინი გაწერილი გეგმით მოქმედებდნენ და პანდემიის პირობებშიც კი 6 მაღაზიის გახსნა შეძლეს.

„გეგმაში კიდევ გვაქვს ახალი ბრენდების გახსნა, თუმცა დაველოდებით სიტუაციის განვითარებას. შევაფასებთ, რამდენად გვიღირს ახლა ინვესტიციის გაკეთება. დღევანდელი კოვიდ-ვითარება არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ სასწრაფოდ კიდევ ახალი მაღაზიები გავხსნათ. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება და შევძლებთ ჩვენს გეგმებთან დაბრუნებას“, - უთხრა BM.GE-ის მაღალაშვილმა.