მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“ - აზარაშვილი

641843fde12a6
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.23 15:32
676
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან მალე საქართველოში მოქმედ კლინიკებში მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცების შესახებ საუბრისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ დღეს, მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე ნებართვა აღარ გაიცემა; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას შეისწავლის ადგილზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ის დაწესებულება კი, რომელიც უკვე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელია, ვალდებულია 2023 წლის 1 სექტემბრამდე თავისი საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ასევე ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვის ვალდებულება აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მომსახურების ხარისხის სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება 2025 წლიდან ყველა კლინიკას ექნება.

„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით ხარისხის სტანდარტის განსაზღვრაა. წინა პერიოდში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, ახლა განვსაზღვრეთ ქირურგიისთვის და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, ასევე აღჭურვის და სხვადასხვა კომპონენტების მიმართულებით და 2025 წლიდან ჩვენ გვექნება ვალდებულება ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები. მივყვებით ამ მიმართულებით დასახულ გეგმას და ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.