მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ OPIC-ის ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში და ფულს დებს მის ინფრასტრუქტურაში"

5d9358f6c3c3c
BM.GE
01.10.19 17:50
1022
„ის ფაქტი, რომ OPIC-ის ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში და დებენ ფულს მის ინფრასტრუქტურაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - ასე შეაფასა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ფოთის „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი, რომელიც აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.


„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია იდება საქართველოში. კარგია, რომ ეს ამერიკული კაპიტალია, რადგან მასთან ერთად შემოვა ამერიკული ცოდნა, ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში და ეს მთლიანობაში კარგია ქვეყნისთვის" - განაცხადა გიორგი პერტაიამ.


ფოთის ახალი ტერმინალის პროექტი 500 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი," რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.


მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები მონაწილეობდნენ.