04.დეკემბერი .2022 15:31

ძალიან სწრაფად მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაცია - პაპავა აზარტული თამაშების ბიზნესზე

ძალიან სწრაფად მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაცია - პაპავა აზარტული თამაშების ბიზნესზე
views 3326
უკან

„ძალიან სწრაფად მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაცია“, - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ აზარტული თამაშების ბიზნესზე საუბრისას BMG DRIVE-ში განაცხადა. საუბარია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზე, 25 წლამდე პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის თამაშის უფლების აკრძალვაზე.

გიორგი პაპავას თქმით, ამ რეგულაციის შედეგად, სავარაუდოდ უფრო ნაკლები ადამიანი გაღარიბდება აზარტული თამაშების გამო, თუმცა, ამ ეფექტის გაზომვას დრო ესაჭიროება. 

„ამის სოციალური ეფექტი, ანუ ხალხი ისევ ღარიბდება თუ არა, მაგ ეფექტის მასშტაბი დარწმუნებული ვარ შემცირდება, მაგრამ რაღაც დრო უნდა გავიდეს და მონაცემებიც მეტი გვქონდეს. ამ აზარტული ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც უფრო მეტი მიმღებლობა უნდა ჰქონდეთ მათ სექტორში ანალიზის ჩატარების და მერე უკვე ამ შედეგის გაზომვა და ალტერნატიულ რეგულაციებზე ფიქრი შეგვეძლება.

ძალიან სწრაფად მივიღეთ ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელმაც არა მარტო ამ ინდუსტრიაზე, არამედ ზოგადად საინვესტიციო გარემოზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. გარედან, რომ შეხედო ქვეყანაში რაღაც ბიზნესი ძალიან მომგებიანი იყო, ადგილობრივმა ფირმებმა კომპანიები უცხოელებზე გაყიდეს და მერე უცებ მთავრობამ რეგულაციები შემოიღო, რამაც ბიზნესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

მიმდინარე წლის მარტიდან საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა, რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. ასევე, აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები კვლავ მკაცრდება. პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც გემზე კაზინოების აკრძალვას და ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს. ცვლილებით, ყველა პირს ონლაინ თამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი თითოეული ონლაინ თამაშობების მოსაწყობად 100 000 ლარი იქნება. აზარტული თამაშობის ბიზნესს ვალდებულება აქვს 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსვლა და ნებართვების აღება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა