მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ცრუ განცხადებების გავრცელებას ცდილობს - ჰარცელი “ომში ჩართვაზე”

62cfccb6cd1d7
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.22 12:25
622
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიის კითხვებს უპასუხა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ განცხადებები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩაბმას უჭერს მხარს კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთანავე, ჰარცელის თქმით, ის წუხს, როდესაც ხედავს, მათ ვინც აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ მსგავს განცხადებებს აკეთებენ.

- შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე?

“კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს,” - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთანავე, კარლ ჰარცელს ჰკითხეს, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ის, რომ უკრაინის კანდიდატის სტატუსი რუსეთთან მიმდინარე ომის გამო მიიღო, რაზეც ჰარცელი განმარტავს, რომ შეფასების კრიტერუმებს შორის ომის საკითხი ნამდვილად არ ყოფილა.

“ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ,” - განაცხადა ჰარცელმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად 2023 წელს მოამზადებს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპმა გაავრცელა.