მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძირითად გამოწვევად რჩება ტემპი“- როგორ აფასებენ სპეციალისტები მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას?

60b655f8c459b
ელენე გოგბერაშვილი
01.06.21 23:00
904
კახა კალაძემ დღეს დედაქალაქს 2018-2021 წლების განმავლობაში მერიის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში ჩააბარა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება, მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია, ტაქსების რეფორმა და ზონალურ საათობრივი პარკირება - ეს ის პროექტებია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიამ განახორციელა.

კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ქვეითები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემცირებაა. პრიორიტეტია ისეთი მულტიმოდალური კონცეფციის გამზირების განვითარებაც როგორიც უკვე განხორციელდა მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე.

დარგის სპეციალისტები მერიას სტარტს უწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლა მთავარი გამოწვევა ტემპი და დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანაა.

„ძირითად გამოწვევად რჩება ტემპი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეულ ქუჩებზე მოეწყო დიზაინი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს თანამედროვე დაგეგმარება, მაგრამ ჯერ არ ვართ მისული უწყვეტ დერეფნებამდე, შესაბამისად საზოგადოებაში ჩნდება პროტესტი, რომ გარკვეულ მონაკვეთზე არის ბასლაინი, შემდეგ ისევ ჩვეულებრივი საცობია და მოქალაქეები სრულად ვერ ხედავენ შედეგებს.

მართალია ჭავჭავაძეზე გადაადგილების დრო 20 წუთიდან ჩამოვიდა 7 წუთამდე, მაგრამ სხვა ქუჩებიც უნდა დაემატოს.

ინფრასტრუქტურული პროცესის დაჩქარების გარდა, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე დაიხაზოს უწყვეტი დერეფნები და შეიკრა მთლიანი სისტემა. ასევე აუცილებელია მოქალაქეებთან აქტიური დიალოგი და ახსნა, რას ემსახურება ეს ცვლილებები, რადგან ვაღიაროთ, რომ დღეს ეს დისკომფორტია მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მძღოლებისთვის.

მესმის მოქალაქეების წუხილიც, მაგრამ სხვა გამოსავალი ქალაქს არ ჰქონდა. დამატებითი ესტაკადის აშენებით სისტემურად საცობებს ვერ ვუშველიდით, ახლა გამოსავალი არის ერთადერთი, დაწყებულ პროცესი გაგრძელდეს, დაჩქარდეს უფრო და მალე შეიკრას ავტობუსის მთლიანი ზოლი. დამერწმუნეთ ამის შემდეგ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ავტომობილებიდან გადაჯდება ავტობუსზე. მაგალითად, როცა გაიხსნა ჭავჭავაძე ბასლაინები, მაშინ ჩვენმა ორგანიზაციამ, „ურბანულმა ლაბორატორიამ“ შეისწავლა სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ვინც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მათ აირჩიეს ავტობუსი.

კოვიდის დროს მოქალაქეები მართალია ერიდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა უნდა გავაჩეროთ ეს რეფორმები. მთავარია არ მოხდეს უკან დახევა და განხორციელებული საქმე არ აღმოჩნდეს ფუჭად გადაყრილი ძალისხმევა“, - აცხადებს „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად, მულტიმოდალური კონცეფციის გამზირების მოწყობას მერია განიხილავდა როგორც ვაჟა-ფშაველას, ისე წერეთლის და თამარ მეფის გამზირებზე, თუმცა როგორც დედაქალაქის მერმა დღეს BM.GE-ს განუცხადა, პანდემიის და არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო, აღნიშნული პროექტების განხორციელება დროებით შეჩერდა.