მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი ქართული ორნამენტებით შექმნილი აქსესუარები მალე საზღვარგარეთ გაიყიდება - MEGI

5fafaddadc9f8
ინგა მურუსიძე
14.11.20 17:00
1559
ძველი ქართული სტილის მიხედვით შექმნილი აქსესუარები და ტანსაცმელი მალე საზღვარგარეთ, ონლაინ გაიყიდება. MEGI-ს დამფუძნებელი bm.ge-სთან საუბარში ყვება, რომ სამოსისა და აქსესუარების დამზადებისას მუზეუმებიდან და ფრესკებიდან აღებულ ორნამენტებს და ფორმებს იყენებს.

„ტანსაცმლის კონსტრუირებისას ვცდილობ გამოვიყენო ის ძველი "ხრიკები", რაც ადამიანის აღნაგობას კიდევ უფრო ლამაზად წარმოაჩენს და მოძრაობაში არ შეზღუდავს. ძველი ქართული ჩაცმის სტილი არის სადა, ელეგანტური და ამავე დროს კომფორტული. ვფიქრობ, ეს კრიტერიუმები დღევანდელობაშიც აქტუალურია ოფისებში მომუშავე ადამიანებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქართული სტილის თანამედროვეობაში გავრცელების კუთხით“, - ამბობს მეგი ბეჟანიშვილი.

ბეჟანიშვილი ამჟამად ერთ მკერავთან ერთად მუშაობს და გაფართოებას მოგვიანებით, პანდემიის დასრულების შემდეგ ფიქრობს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიას მეგი ბეჟანიშვილის ნამუშევრების გაყიდვაზე გავლენა არ მოუხდენია, მიზეზი კი ის არის, რომ შოურუმთან ერთად, ძირითადად ონლაინ-გაყიდვებზე მუშაობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთან გაყიდვების ძირითადი ნაწილი ონლაინ ხდება, პანდემიამ დიდად არ შეამცირა გაყიდვები, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა ყველა სახის ვაჭრობა აკრძალული იყო. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით მე უკვე მოწესრიგებული მქონდა მიწოდების სისტემა მთელი საქართველოს მასშტაბით. რა შეცდომებსაც სხვები უშვებდნენ, მე წინა წლებში ყველა გამოცდილი მქონდა. უნებლიედ ძალიან მომზადებული დავხვდი ახალ რეჟიმს“, - ამბობს მეგი ბეჟანიშვილი.

მისი თქმით, ამჟამად ძირითადად იყიდება ყოველდღიური ჩასაცმელი და აქსესუარები, ხოლო სადღესასწაულო ტანსაცმლის გაყიდვა შეჩერებულია.

ცნობისთვის, მალე დასრულდება MEGI-ს ონლაინ გაყიდვების საიტის მზადება, რომლის მეშვეობით საზღვარგარეთიდანაც შეძლებს მომხმარებელი პროდუქციის შეძენას.

MEGI-ს აქსესუარების ფასები 20-დან 250 ლარამდე, ხოლო ტანსაცმელზე 70-დან 3500 ლარამდე მერყეობს. მეგი ბეჟანიშვილი უახლოეს მომავალში სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობასაც გეგმავს.