მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირად ღირებული ბუნკერები და კერძო კუნძულები - სად მიდიან მდიდრები თვითიზოლაციისთვის?

5e8245e7b38b1
თამთა ჯიჯავაძე
31.03.20 00:15
2567
მაშინ როდესაც თითოეული ჩვენგანი იზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლში ატარებს, მდიდარი ადამიანები იზოლაციისთვის ძვირად ღირებულ ბუნკერებსა და კერძო კუნძულებზე ადგილებს უკვეთავენ და ასე ცდილობენ კორონავირუსისგან თავის დაცვას.

კომპანია Rising S-ი, რომელიც ბუნკერებს, თავშესაფრებს აშენებს, აცხადებს, რომ თავიანთი ბიზნესი ბოლო პერიოდში ოთხჯერ გააქტიურდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანია აშშ-ში მდებარეობს, მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი კლაიდ სკოტი აცხადებს, რომ ის შეკვეთებს ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდანაც, საიდანაც ამ დრომდე არასოდეს მიუღია შეკვეთა. მაგალითად, ხორვატია. მისივე თქმით, ბუნკერების საშუალო ფასი, რასაც მდიდარი ადამიანები მას უკვეთავენ, $150 000-ია.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Survival Condo-ს მფლობელი ლარი ჰოლი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეკვეთების რაოდენობა მათთანაც გაიზარდა.

მისივე თქმით, ერთმა მომხმარებელმა ბუნკერი პირადად ნახვის გარეშე შეიძინა. ბუნკერების ფასი კი ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და 2,4 მილიონ დოლარს აღწევს, ფეშენებელურ ბუნკერებში უზრუნველყოფილია სავარჯიშო დარბაზი, დახურული აუზი და სხვა.

მდიდარი ადამიანების მეორე ნაწილი კერძო კუნძულებს იყენებს იზოლაციისთვის, ვინაიდან ისინი ეძებენ უფრო ღია სივრცეებს.  

კარიბის ზღვის აუზში ბელიზეს სანაპიროებთან მდებარე გლადენის კერძო კუნძული ამის კარგ საშუალებას იძლევა - "ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია დედამიწაზე ყველასთვის, ვისაც სურს რომ დაემალოს ამ საშინელ ვირუსს, ვინაიდან ის ხმელეთიდან 20 მილში მდებარეობს“, - განაცხადა კუნძულზე ფართების გაყიდვების კომპანიის ხელმძღვანელმა.

აღნიშნულ კუნძულზე ერთი ღამით ორი ადამიანის დარჩენა 2 950 დოლარი ღირს.

კიდევ ერთი პოპულარული ადგილია კარიბის ზღვაში ლურჯი კუნძული, ამ კუნძულს საკუთარი ასაფრენი ზოლიც აქვს, ამიტომაც აღნიშნული ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მდიდარი ადამიანებისთვის, რომელთაც კერძო თვითმფრინავები ჰყავთ. ცნობისთვის, აღნიშნულ კუნძულზე 283 ჰექტარის ფართობის მიწა 70 მილიონი დოლარი ღირს.