მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ მალე მოახდენთ ფასების კორექტირებას - ღარიბაშვილი

6253df5140099
გიორგი თოლორდავა
11.04.22 11:57
867
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საწვავის იმპორტიორებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მოსახლეობის მდგომარეობა და რაც შეიძლება მალე მოახდინონ ფასების კორექცია.

„მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები შედარებით შემცირებულია, ბარელის ღირებულება 95-100 დოლარამდეა ჩამოსული და ლარიც დოლართან მიმართებით გამყარებულია.

ძვირფასო მეგობრებო და საწვავის იმპორტიორები, მე მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას.

ამის თაობაზე არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში ფასები შემცირდება და რაც უფრო მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ნავთობისა და ენერგოპროდუქტების ფასების საპასუხოდ, აშშ-ის მთავრობამ სტრატეგიული რეზერვების (SPR) გამოყენების და ბაზრისთვის 180 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდების გეგმა წარადგინა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივას შეუერთდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც (IEA) და, საერთო ჯამში, საერთაშორისო ბაზრისთვის 240 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მიწოდებაა დაგეგმილი.

მიწოდების ზრდის ამბის გავრცელებას ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება მოჰყვა, ამჟამად ბარელი WTI-ის ღირებულება 95 დოლარამდეა შემცირებული, Brent-ის ფასი კი 100 დოლარამდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ნავთობის ფასები 110-117 დოლარის დიაპაზონში იყო - გასული თვის დასაწყისში კი ბარელი Brent-ის ღირებულება $130-ს აღწევდა.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ქართულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასები შემცირდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ფასების მყისიერი ასახვა არ ხდება და ამისათვის, დაახლოებით, ორკვირიანი პერიოდია საჭირო, რადგან ნავთობიმპორტიორებს მიმდინარესთან ერთად, წარსულში გადახდილი ფასების გათვალისწინებაც უწევთ.

Market Watch-ის მონაცემებით, ფიქსირდება ფიუჩერსული გარიგებების ფასების შემცირების ტენდენციაც, კერძოდ, ბარელი ნედლი ნავთობის ივლისი-აგვისტოს კონტრაქტები ამჟამად ბირჟაზე 94 დოლარად ივაჭრება, ოქტომბერ-ნოემბრის ფიუჩერსების ფასები 92-91 დოლარის ფარგლებშია, 2022 წლის დეკემბრის თვის კონტრაქტების ღირებულება კი ამჟამად დაახლოებით 90-91 დოლარს შეადგენს. მთავრობის მოლოდინები, საწვავის ფასების შემცირების შესახებ, სწორედ აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა.