02.თებერვალი .2021 14:28

E-Space-ის დამტენები ფასიანი ხდება - ტარიფები ცნობილია

E-Space-ის დამტენები ფასიანი ხდება - ტარიფები ცნობილია
views 6603
უკან

საქართველოში მოქმედი ელექტროდამტენების სერვისის განმახორციელებელი კომპანია E-Spece თებერვლიდან მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესს იწყებს. ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ  სწრაფი დამტენების მომსახურება, რომელიც ძირითადად დასავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზეა დამონტაჟებული, მომხმარებელისთვის დიდი ხანია რაც ფასიანი გახდა, თუმცა მე-2 დონის დამტენებით სარგებლობა უფასოდ შეიძლებოდა.

BM.GE დაინტერესდა - რატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პერიოდში და რა გავლენას იქონიებს თავად კომპანიაზე გაფასიანების პროცესი.

როგორც E-Space-ის დირექტორი ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროდამტენების მფლობელებს მომსახურებას უფასოდ აწვდიდათ. თავდაპირველად კომპანიისთვის საქმიანობა არაკომერციული იყო, თუმცა E-Space-ში ამბობენ, რომ ფასების დადგენა კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასამუხტი სადგურების გაფასიანება კომპანიის გეგმაში იყო გაწერილი. 

„პირველ ეტაპზე ელექტრომობილების ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სერვისი უფასო ყოფილიყო და მომხმარებელში ელეტრომობილების მომხმარებისა ჩვევა გამომუშავებულიყო, თუმცა დღეს დამტენები ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად გამოიყენება და გაფასიანების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გამოყენება მიზანმიმართული გახდება“, - განაცხადა ავთო შავიშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეს მათი ქსელის მიერ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 85 დამტენია ჩართული, მათ შორის 7 სწრაფი დამტენი, რომელიც ძირითად მაგისტრალზეა დამონტაჟებული და ძველ ელექტრომობილებს დაახლოებით 25 წუთში ტენის. ელექროდამტენების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კომპანიამ 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

„კომპანიის დაარსების დროს თბილისში, დაახლოებით, 4 ელექტრომობილი დადიოდა, რაც ძალიან ცოტაა, დღეისთვის კი მათი რიცხვი 2486-ია, რაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. შესაბამისად, გაზრდილია ჩვენი დამტენების მოხმარებაც. მე-2 დონის დასამუხტი სადგურების გაფასიანება დღეს, ჩვენს ქსელში ტრანზაქციების და დამუხტვის რაოდენობის 50%-იან კლებას გამოიწვევს", - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

დასამუხტ სადგურებზე მომსახურების ღირებულება წუთობრივად განისაზღვრება. შესაბამისად, მანქანის სიმძლავრის მიხედვით, 0 კვტ-დან 5 კვტ-მდე სიმძლავრის ელექტრომობილებისთვის 1 წუთის დამუხტვის საფასური 0.03 ლარი იქნება; 5-დან -10 კვტ-მდე - 0.06 ლარი, 10-დან 15 კვტ-მდე - 0.11 ლარი; 15-დან 22 კვტ-მდე - 0.17 ლარი.

"ე.წ. „ქალაქის დამტენები“ ცვლად დენზე მუშაობს. სხვადასხვა ელექტრომობილს განსხვავებული მუხტის მიღების საშუალება აქვს. ამიტომ სხვადასხვა ავტომობილს დასამუხტად განსხვავებული დრო სჭირდება. საშუალოდ 100 კმ-ის მუხტის ასაღებად მომხმარებელს 8-9 ლარის ელექტროენერგია დასჭირდება. თავად სისტემა განსაზღვრავს რომელ სატარიფო ბადეში მოხვდება ელექტრომობილი, რადგან რაც უფრო მეტი დრო სჭირდება დასამუხტად, მით ნაკლებია ტარიფი, ვისაც მეტი სიმძლავრე აქვს ტარიფი უფრო მეტია. ასევე, აღსანიშნავია, რომ დასამუხტი სადგურების გაფასიანება დროის მიხედვით - წუთობრივად განისაზღვრება, რადგან კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული შეგვიძლია თუ არა გავყიდოთ კილოვატების გაყიდვა“, - უთხრა BM.GE-ის ავთანდილ შავიშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სემეკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კომპანიისთვის კილოვატებით ტარიფის დადგენა უფრო მარტივი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა