მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EASY Charter-ი 2020 წელს კიდევ ერთი თვითმფრინავის დამატებას გეგმავს

5eea1e5d11b90
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 18:12
1466
ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი კომპანია EASY Charter-ი, რომლის საკუთრებაში Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდია, 2020 წლის ბოლომდე კიდევ ერთი თვითმფრინავის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ს მიმდინარე წლის იანვარში დარეგისტრირებული ავიაკომპანიის დირექტორმა რატი ძერიამ განუცხადა.

EASY Charter-ის ხელძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ავიაგადაზიდვებით საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და ამ სფეროში გარკვეული გამოცდილებაც აქვს.

„ჩვენ 2015 წლიდან ვოპერირებთ სატვირთო ავიაგადაზიდვების მიმართულებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ვავითარებდით ბიზნესს. ჩვენს საქმეს დაქირავებული თვითფრინავებით ვახორციელებდით, ეს იყო ჯერ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, შემდეგ უკრაინიდან, ბელარუსიდან და ა.შ. როდესაც გადავწყვიტეთ ამ თვითმფრინავის შეძენა, უკვე ვიცოდით რისთვის ვყიდულობდით და ბაზარზე ჩვენი ნიშა უკვე დაკავებული გვქონდა“, - ამბობს რატი ძერია.

მისივე თქმით, თვითმფრინავის შესაძენად 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული.

„თვითმფრინავის შესაძენად აქტიური მოლაპარაკებები 2019 წლის ივნისში დავიწყეთ. ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თვითმფრინავი 2020 წლის თებერვალში ჩამოვიდა, რა დროიდანაც ავიკომპანიის სერტიფიცირების პროცესი დავიწყეთ. იმ პერიოდში პანდემიაზე ჯერ არავინ ფიქრობდა, აქედან გამომდინარე, ეს გაუთვალისწინებული შეფერხება მაინც იყო, თუმცა მოვახერხეთ ავიაკომპანიის სერტიფიცირება, რაშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ძალიან დაგვეხმარა.

ჩვენ მიერ ბიზნესში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად სცდება 1.5 მლნ დოლარს, რაც მხოლოდ თვითმფრინავისთვის დაიხარჯა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა და დასძინა: „ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ერთ თვითმფრინავს დავამატებთ და საქმეს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით გავაფართოვებთ“.

რატი ძერიას თქმით, კომპანია ბაზირებულია საქართველოში, თუმცა ბაზრებად მოიაზრება ახლო აღმოსავლეთი, აზია, ახლო-აღმოსავლეთ ევროპა და აფრიკა.

„თვითმფრინავის შესაძლებლობა არის 6-საათიანი ფრენები; შესაბამისად, 6 საათიანი რეისის შესრულება თავისუფლად შეგვიძლია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებზე, ეს არიან არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ერაყი, პაკისტანი, აფრიკა და, რა თქმა უნდა, ძირითადი ჩვენი დამკვეთები არიან ქართული კომპანიები.  გვყვავს 2 მსხვილი ადგილობრივი პარტნიორი კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერირების 40-45%-ს უზრუნველყოფს“, - განაცხადა EASY Charter-ის ხელძღვანელმა.